მთავარი,სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ ლაშა დეკანაძე პატიმრობაში დატოვა – „ბათუმის აქციის საქმე“

26.02.2018 • 1659
სააპელაციო სასამართლომ ლაშა დეკანაძე პატიმრობაში დატოვა – „ბათუმის აქციის საქმე“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლაშა დეკანაძის საქმეზე. ლაშა დეკანაძემ „ბათუმის აქციის საქმეზე“, დანაშაული არ აღიარა და სხვა 18 ბრალდებულისგან განსხვავებით, მასთან საპროცესო შეთანხმება პროკურატურას არ გაუფორმებია. არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეს განაჩენი შეაფასა, როგორც უკანონო.

ადვოკატის, დავით ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რის გამო დატოვა გადაწყვეტილება ძალაში. ლაშა დეკანაძეს ხულიგნობის მუხლით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა შეუფარდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით კი, განაჩენში არ ჩანს, რაში გამოიხატა ძალადობრივი ქმედება.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა მანამდე, 17 მარტს, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს.

ლაშა დეკანაძე დახურული ტიპის დაწესებულებაში რჩება, რასაც ადვოკატი დავით ჯაფარიძე აპროტესტებს. მისი თქმით, ირღვევა კანონი, რადგან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ღია ტიპის დაწესებულებაში უნდა იყოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებაში დარჩება, ვიდრე მულტიდისციპლინური ჯგუფი მსჯავრდებულის რისკის საკითხს არ შეაფასებს. სამინისტროში ვერ გვითხრეს, როდის შეფასდება რისკი. ლაშა დეკანაძე გასული წლის მარტიდან პატიმრობაშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: