ექსპედიცია შავ ზღვაში [ფოტო]

შავი ზღვის ეროვნული სააგენტო ზღვაში ექსპედიციას აგრძელებს. ექსპედიციის მიზანი სარფიდან ანაკლიამდე შავი ზღვის მონაკვეთის ეკოლოგიური შეფასებაა. ამ კვლევის შესაბამისად სააგენტო მომავალი წლის რეწვის კვოტებს დაადგენს. წელს დაგეგმილი ექსპედიციის ფარგლებში სპეციალისტები ზღვაში ექვსჯერ გავლენ, აქედან ოთხი გასვლა ზღვის ძუძუმწოვრების კვლევას, ორი კი ჰიდრობიოლოგიურ კვლევას დაეთმობა.

ექსპედიცია შავ ზღვაში / ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

 

ექსპედიცია შავ ზღვაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, სარფიდან ანაკლიამდე მონაკვეთზე სპეციალისტები კომპლექსურ კვლევებს ჩაატარებენ. დააკვირდებიან ზღვის ძუძუმწოვრებს, ჩაატარებენ მათ სახეობრივი შემადგენლობის ანალიზს, შეაფასებენ მარაგებს:

„ამ კომპონენტებს ვაანალიზებთ და ამის საფუძველზე  ვახდენთ ჩვენი სანაპიროს გარემოსდაცვით შეფასებას. კვლევები გვაძლევს  ინფორმაციას, თუ რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე.“

კვლევის დასრულების შემდეგ სპეციალისტები შეფასების მასალებს გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენენ. ეს მასალები ხვდება ეროვნულ ანგარიშებსა და საერთაშორისო კვლევების ანგარიშებშიც:

„ამავე დროს, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული შავი ზღვის სამდივნოს მიმართ, მონაცემები წარედგინება შავი ზღვის მუდმივმოქმედ ცენტრს და სამდივნო სეკრეტარიას, რომელიც სტამბულშია. წარედგინება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასაც.“

ექსპედიციის ფარგლებში დაჭერილი თევზების ნაწილს სააგენტოს წარმომადგენლები უკან აბრუნებენ, ისინი ცდილობენ ექსპედიციამ გარემოს დიდი ზიანი არ მიაყენოს.

ექსპედიცია შავ ზღვაში/ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, წელს სააგენტო ბიულეტენის გამოცემას გეგმავს, სადაც მარტივ ენაზე იქნება აღწერილი  შავი ზღვის კონკრეტულ ლოკაციებში არსებული მდგომარეობა და ასევე იქნება კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასება ყველა მსურველს  შეეძლება:

„მაგალითად, სარფი-კვარიათის  მონაკვეთი  შეფერილი იქნება კონკრეტულ ფერად,  იქნება შეფასების ხუთი კრიტერიუმი: ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო და კარგი. ეს არის ევროპის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივა და  იმისთვის კეთდება, რომ არამხოლოდ მეცნიერებმა გავიგოთ რა ხდება შავ ზღვაში და ერთმანეთში განვიხილოთ ეს თემა. ერკვევა თუ არ ერკვევა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვინც ამ რუკას ნახავს, ყველა მარტივად გაიგებს, სად არის რთული მდგომარეობა, სად – საშუალო. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ინფორმაცია საიდან არის ეს ფერები მოტანილი, ეს იქნება დანართის სახით. ვისაც აინტერესებს,  წავა სიღრმეებში, ვისაც არ უნდა, გადახედავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას და ექნება ინფორმაცია საკუთარი გარემოს მდგომარეობის შესახებ. ეს ვალდებულებაა ჩვენი და ყველა მოქალაქეს  უფლება აქვს, მიიღოს ასეთი ინფორმაცია.“  – განმარტა არჩილ გუჩმანიძემ.

ექსპედიცია შავ ზღვაში/ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მიკრობოილოგიურ სინჯებს თვეში ორჯერ ჩაატარებს: „ გამომდინარე იქედან, რომ ქალაქს დიდი ტურისტული დატვირთვა აქვს.“

ექსპედიცია შავ ზღვაში/ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი