დიდყვავილიანი მაგნოლიას გზა ამერიკიდან ევროპამდე

საფრანგეთის ეროვნული მემცენარეობის ბიბლიოთეკის დირექტორი, დანიელ ლეჟენი,  ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს დიდი, თეთრყვავილიანი მაგნოლიას ისტორიას უამბობს, რომელიც ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკიდან გავრცელდა XVIII საუკუნეში.

1703 წელს, იმ პერიოდში განთქმულმა ბოტანიკოსმა, მამა ჟაკ პლუმიერმა, ლუიზიანაში ექსპედიციის დროს აღწერა პრიალა, გამძლეფოთლებიანი ხე დიდი, თეთრი და სურნელოვანი ყვავილებით.

ჟაკ პლუმიერმა მოყვავილე ხეს „მაგნოლია“  ცნობილი ბოტანიკოსის, პიერ მაგნოლის (1638-1715) პატივსაცემად უწოდა, რომელიც მონპელიეს ბაღის განაშენიანებას ხელმძღვანელობდა.

   პიერ მაგნოლი

ფოტო: geboran.am

დიდყვავილებიანი მაგნოლიას (Magnolia grandiflora) პირველი, ცოცხალი ეგზემპლარის საფრანგეთში ჩაღწევამდე დიდი დრო გავიდა მამა ჟაკ პლუმიერის აღწერის შემდეგ.

ნანტის მერმა, რენე დერკისტადმა, 1711 წელს ჩაატანინა მაგნოლიას თესლი და ახალ გარემოში გაახარა, მელარდიერის შატოს ორანჟერეაში, ტორფიან ნიადაგში. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პირველ ჯერზე მაგნოლიამ ჭკნობა დაიწყო. ქალაქ ნანტის მერის ცოლმა ეგზოტიკური მცენარე სხვა ადგილას გადარგო, სადაც კარგად იხარა.

დანიელ ლეჟენი Le Figaro-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დერკისტადის ცოლის ძალისხმევა რომ არა, დასაფიქრებელია მაგნოლია გავრცელდებოდა თუ არა საფრანგეთსა და საერთოდ, ევროპაში.

თუმცა საფრანგეთის ეროვნული მემცენარეობის ბიბლიოთეკის დირექტორი თავადვე პასუხობს შეკითხვას და ამბობს, რომ მაგნოლია მაინც გავრცელდებოდა ევროპაში, რადგან ზუსტად ამავე პერიოდში, მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, კანადის გენერალ-გუბერნატორმა, როლან მიშელ ბარინმა, Magnolia grandiflora-ს თითქმის იგივე, ოღონდ მეტად ყინვაგამძლე ჯიშის ნერგი ჩაიტანა საფრანგეთში.

არსებობს მაგნოლიას 80-მდე სახეობა, ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, ზოგიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმით. საქართველოში უმეტესწილად გავრცელებულია Magnolia grandiflora  – დიდყვავილიანი მაგნოლია. მოყვავილე ხეს ვხვდებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში, თბილისში, ქუთაისსა და წინანდალში.

ბათუმში მაგნოლიები ძირითადად მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაურგავთ. ბულვარის ტერიტორიაზე მაგნოლიას 518 ხეა აღრიცხული.დიდყვავილიანი მაგნოლიას გარდა ბათუმში „Liliflora Magnolia-შროშანას ფოთოლა მაგნოლიასაც ვხვდებით.

წყარო: Le Figaro

ამავე თემაზე: მაგნოლიების ისტორია ბათუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან