მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხოელებისთვის ბილეთს 7 ლარით აძვირებს

26.02.2018 • 5836
ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხოელებისთვის ბილეთს 7 ლარით აძვირებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის საფასურს 7 ლარით აძვირებს. 2018 წელს უცხოელი ტურისტები ბოტანიკურ ბაღში 8 ლარის ნაცვლად 15 ლარად შევლენ. ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცხოელებისთვის განსხვავებული ფასის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფასი შენარჩუნდა და მათ ბაღში შესვლა 8 ლარად შეეძლებათ.

როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დიფერენცირებული ფასები უცხოელებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფასთა დიფერენცირებით ტურისტებს ხელს შევუშლით, პირიქით, მე პირადად ვარ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკურ ბაღში ნამყოფი და იქაც არსებობს განსხვავებული ფასები. მინიმალური ფასი კი 7-8 ევროა,“ – ამბობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ირაკლი არჩაია.

პრეზენტაციის დროს მათ ასევე მოიყვანეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და აღნიშნეს, რომ საბერძნეთში აკროპოლისის დათვალიერება ზრდასრულებისთვის 20 ევრო ღირს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა 50-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობს.

„ინგლისში რეგიონების მიხედვით არსებობს ფასების დიფერენცირება, ესპანეთში 23 ევრო ღირს უცხოელებისთვის, ადგილობრივებისთვის კი – 15 ევრო.

ჩვენ დიფერენცირებული ფასები ადგილობრივ დონეზეც გვაქვს, ოკაცეს კანიონზე, სათაფლიას, პრომეთეს მღვიმეში, მარტვილის კანიონზეც განსხვავებული ფასებია უცხოელებისთვის,“ – ამბობენ ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები.

ბაღის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ბოტანიკური ბაღის არსებობა ფუფუნებაა და ის დიდ ხარჯს მოითხოვს.

„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ვეთანხმები იმ პრეტენზიებს, რომ ჩვენი სერვისები შესაძლებელია არ პასუხობდეს არსებულ ფასებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვიზუალიზაციისა და მომსახურების ნაწილში ხარისხი გაუმჯობესდება,“ – ამბობს არჩაია.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა დაგეგმილი: „13 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ვგეგმავთ, სადაც იქნება საპიკნიკე, საკემპინგე ადგილები, საბავშვო კუთხე, იქნება ბულვარი, სადაც ადამიანებს ოჯახებით შეეძლებათ დროის გატარება და ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამიტომ, ეს პროცესი არის მუდმივად განახლებადი და მას ბევრი ფინანსური რესურსი სჭირდება.“

არჩაიას თქმით, ბოლო წლებია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადმინისტრაციული ხარჯები ბოტანიკური ბაღის შემოსავლებიდან იფარება:

„ფასთა პოლიტიკა იმიტომ გადაიხედა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბოტანიკური ბაღი იდგეს თავის სიმაღლეზე და იზრუნოს იმაზე, რაც მისი მთავარი დანიშნულებაა, – ეს არის კოლექციებზე ზრუნვა, მუდმივი განახლება და კონსერვაცია, ასევე სამეცნიერო მუშაობა“.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურმა ბაღმა გასულ წელს 300 ათასამდე ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლებთან შედარებით 40 პროცენტით მეტია. მათივე ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 4 მილიონ 647 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ია, რომლისთვისაც ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში 1,17 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: