ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება.  საგამოცდო ცენტრები უქმდება ასევე ოზურგეთსა და ფოთშიც.

ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრების გაუქმების მიზეზი არის ის, რომ ამ მუნიციპალიტეტებში არ არის უმაღლესი სასწავლებლები.

„აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებს აბარებენ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ოთხი წელი უნდა გაატარონ იმ ქალაქში, სადაც ჩააბარებენ.  იქნება ეს ქუთაისი, თბილისი თუ ბათუმი, იქ, სადაც არსებობს უმაღლესი სასწავლებლები. ამიტომ ლოგიკურია,  მისაღები გამოცდები ჩატარდეს იქ, სადაც არის უმაღლესი სასწავლებლები. თუ ოთხი წელი აპირებს ადამიანი ცხოვრებას ქალაქში, ალბათ ოთხჯერ გამოცდაზე მისვლაც შესაძლებელია,“-ამბობს ივა მინდაძე.

ცენტრის ინფორმაციით, მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com