ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. შენობა 54-სართულიანი იქნება, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

„მულტიფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“ „ალიანს ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,“ – განაცხადა „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორმა, აკაკი სონგულიამ უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალის Property Georgia-სთან. შესაბამის ხელშეკრულებას „მერიოტ ინთერნეშენელთან“ კი ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა.

„ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობა ბათუმში 2020 წელს უნდა დასრულდეს. აკაკი სონგულიას ინფორმაციით, 160-ნომრიანი სასტუმრო „მერიოტი“ კომპლექსში 2021 წელს გაიხსნება და მისი მმართველი კომპანია ამერიკული „მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი“ იქნება. „ალიანს ჯგუფი“ პროექტში 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ტერიტორია, სადაც ახალი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, დღეს კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.

მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდება შეიცვალა  – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. როგორც აღვნიშნეთ, ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.

„ალიანსი ფრივილიჯის“ ვალდებულებების შესრულებამდე უფლება არ აქვს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე განკარგოს, გასცეს სარგებლობაში, დაყოს ცალკეულ საკადასტრო ერთეულებად სასტუმროს ფუნქციონირებისთვის საჭირო ფართობი ან სხვაგვარად დატვირთოს ქონება.

ბათუმში, შოთა რუსთაველის N42/ნინოშვილის N 39-ში მდებარე 3263 კვ/მ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებით გაყიდა. ტერიტორია სამინისტროს ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა.

„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა, აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია კორუფციაში დაადანაშაულა და პროკურატურას მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ახვლედიანმა 27 თებერვალს ბრიფინგი ბათუმის ბულვარში, იმ ადგილას გამართა, სადაც მიწას კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ფლობს. ტერიტორია უკვე შემოღობილია.

ბათუმის მერიის განცხადებით, „ბათუმის მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია და ამ ეტაპზე [აღნიშნულ ტერიტორიაზე] მხოლოდ გეოლოგიური შესწავლისა და დასკვნის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება. ბათუმის მერიას სამშენებლო კომპანიისთვის დადგენილი აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები“.

„ბათუმელებმა“ თავად კომპანიასთან სცადა გაერკვია, ნამდვილად აპირებენ თუ არა ბათუმის ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას იმ პროექტით, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა და განთავსდება თუ არა მასში სასტუმრო „მერიოტი“? – კომპანიაში აცხადებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სასტუმროს მაკეტი. კომპანიაში ჯერ არ ადასტურებენ, აპირებენ თუ არა ამ მაკეტის მიხედვით კომპლექსის მშენებლობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com