ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება

დღეს, 26 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა, ბათუმში ასლან აბაშიძის ცოლისძმის და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ქონება, რომელიც უშიშროების ყოფილ მინისტრს სახელმწიფომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩამოართვა, 2016 წლის 29 დეკემბერს, სოსო გოგიტიძის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს სასამართლო განჩინებით სახელმწიფომ დაუბრუნა.

ამის შესახებ „ბათუმელები“, 23 თებერვალს წერდა. 

„ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები და აბსურდის თეატრია რეალურად, რადგან ვიცით, რა ფორმით ითვისებდნენ ასლან აბაშიძის დროს მაღალჩინოსნები ქონებას.

მთავარი აქ არის ის, თუ რატომ მაინც და მაინც სპეცსამსახურის შენობა შეირჩა. ეს არის პირდაპირ რევანშისტული ძალა, რადგან ის პიროვნებები, რომლებიც რეალურად დგანან ენვერ ცეცხლაძის უკან, აძლიერებენ რუსულ გავლენებს, რუსულ ძალას ქვეყანაში და რომლებიც აჭარაში რეალურად მოქმედებდნენ  თავის დროზე,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზის თქმით, აჭარის მთავრობს თავმჯდომარე ამ და სხვა გარემოებებით, აჭარაში რუსულ გავლენებს აძლიერებს. „უკვე მკაფიოდ ჩანს ეს ტენდენცია, რადგან ზურაბ პატარაძემ ადვილად მოახდინა ასლან აბაშიძისდროინდელი ჩინოვნიკების ინტეგრირება სახელმწიფო სამსახურში… ამის მაგალითია თუნდაც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძის დანიშვნა.“

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com