მთავარი,სიახლეები,სპორტი

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში და მილიონიანი პროექტები ფორსმაჟორში

25.02.2018 • 3548
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში და მილიონიანი პროექტები ფორსმაჟორში

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა. შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც, წესით მაშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი, ვერ ესწრება. ამით კი ისეთი ფორსმაჟორი შეიქმნა, რომლის თავიდან აცილება მთავრობას გაცილებით ადრე შეეძლო.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე მორიგ სპორტკომპლექსს ააშენებს, რომლის ერთ დარბაზშიც შემოდგომაზე ოლიმპიადას ჩაატარებს, შემდეგ კი ყინულის არენად გადააკეთებენ. ამ პროექტში აჭარის ბიუჯეტიდან, ტენდერის გარეშე, 19 990 002 მილიონამდე აშშ დოლარი დაიხარჯება.

ბათუმში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, კიდევ ერთი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ოლიმპიადას ეს სასახლეც უმასპინძლებს.

საბოლოოდ, „მოახლოებული ოლიმპიადის“ გამო, ბათუმში ამ ეტაპზე 3 სპორტული კომპლექსი შენდება. მიმდებარე ტერიტორიის [ლადო ასათიანის ქ. N27-ში] მოწესრიგებაში კი ბათუმის ბიუჯეტიდან  1 მილიონ 144 ათას 72 ლარი, ასევე გამარტივებული შესყიდვით, ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. გადაწყვეტილება ბათუმის მერიას უკვე მიღებული აქვს და შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ელოდება.

ბათუმის მერია თავის გადაწყვეტილებას გამარტივებულ შესყიდვაზე ასე ამართლებს: „ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში, მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოების დროულად განუხორციელებლობის შემთხვევაში ვერ მოხერდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც გამოიწვევს ა[ა]იპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრის“ თანამშრომლების საქმიანობის შეფერხებასა და სხვადასხვა სახეობის სპორტული ჯგუფების ყოველდღიური ფუნქციონირების შეწყვეტას [ბათუმის არსებულ ყინულის სასახლეში-ავტ.]. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მათი ახალ სპორტულ ცენტრში უმოკლეს ვადებში გადაყვანის გარეშე ვერ ხორციელდება ისეთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი, როგორიცაა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა“.

გარდა ამისა, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა თხოვნით, „რამდენად შესაძლებელია 2018 წლის 3-4 აპრილს საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ჩატარდეს ახალაშენებულ სპორტის სასახლეში. ხოლო აღნიშნული ამხანაგური მატჩების ჩატარება შესაძლებელი იქნება თუ სპორტის სასახლეზე მოხდება ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემის და კანალიზაციის დაერთება, რომლის სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადებში [კანალიზაციის დაერთების სამუშაოები შედის ტერიტორიის კეთილმოწყობის ხარჯთაღრიცხვაში]“.

საუბარია, იმ სპორტის სასახლეზე, რომელიც ყინულის სახლის უკან  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით აშენდა.

„ამასთან, 2018 წლის სექტემბერში ქალაქ ბათუმში დაგეგმილია მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, როგორც ადგილობრივი ასევე 160-მდე ქვეყნის 1000 მოჭადრაკე და 5000-მდე სხვა პირი… ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარე შენობის ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემის, კანალიზაციის დაერთებისა და მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა“, – მიაჩნიათ ბათუმის მერიაში.

ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [არსებული ყინულის სასახლის უკან] ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. სასახლეში ორი დარბაზია განთავსებული. ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით შენდება და იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ამ თანხით, გარდა ბათუმისა, კიდევ ორ რეგიონში შენდება სპორტული კომპლექსები.

ეს სპორტის სასახლე, ცალკე აღებული მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებისთვის ფიდეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს [ფართობის მხრივ]. ამიტომ, ოლიმპიადის ჩატარება იმ ახალ სპორტკომპლექსშიც იგეგმებოდა, რომელსაც ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, აჭარის მთავრობა აშენებს. თუმცა, ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე დავების გამო, ოლიმპიადისთვის ამ კომპლექსის დასრულება ვეღარ ესწრება [კომპლექსისთვის აჭარის მთავრობას 66,5 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. საბოლოოდ ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასთან 61,9 მილიონ ლარზე გაფორმდა].

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი ააშენოს. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ამ სპორტულ კომპლექსს კანადური კომპანია Westincor Limited-ი ააშენებს, რომელთანაც შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა.

ამ პროექტის ფარგლებში სექტემბრამდე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გადაკეთდება ყინულის არენად. დღეს არსებული ყინულის სასახლე კი დაიშლება. პარალელურად აშენდება საცურაო აუზიც.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბათუმის მერიამ ტერიტორია, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: