სიახლეები

ვინ მიიღებს კომპენსაციას აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო

29.09.2015 • 3313
ვინ მიიღებს კომპენსაციას აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო

„ამ ეტაპზე ზუსტდება, როგორც კონკრეტული მარშრუტი, ანუ დერეფანი, თუ სად  გაივლის  გადამცემი ხაზი, ასევე განსახლების გეგმაც, რომელსაც შემდეგ წარუდგენენ მთავრობას. დამტკიცდება ეს გეგმა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად დაიწყება როგორც მშენებლობა, ასევე განსახლება. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ ავტომატურად, დაუყოვნებლივ ეცნობებათ ამის შესახებ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის [სსე] საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯერანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს – იმისთვის,  რომ მიიღონ კომპენსაცია, კუთვნილი ქონება [საკარმიდამო და სხვ.] აუცილებლად უნდა დაიკანონონ, რადგან კომპენსაცია მხოლოდ დაკანონებულ ქონებაზე გაიცემა. სახელმწიფო ელექტროსისტემაში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება პროცესი. ხელშეკრულებების გაფორმება „დაიწყება უახლოეს მომავალში, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით,“ – განაცხადა ჯერანაშვილმა.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა რუკა, სადაც დატანილია, თუ სად გაივლის აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანი. ჩვენი ინფორმაციით, ხელვაჩაურიდან [ქვესადგური „ბათუმი“, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე], ქედისა და თითქმის შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ჩათვლით, ეს მარშრუტი დაზუსტებულია; შესაბამისად, არსებობს განსახლების გეგმაც, თუმცა, ნინო ჯერანაშვილი აცხადებს, რომ „შუახევი-ბათუმის განსახლების გეგმის საორიენტაციო ვარიანტი შესაძლოა შეიცვალოს“.

ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული დოკუმენტებით „ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყველა პირი მიიღებს გარკვეულ დახმარებას, მიუხედავად მათი საკუთრების იურიდიული სტატუსისა, ყველა იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია განსახლების ჩარჩო-დოკუმენტით. იურიდიული დოკუმენტების არასაკმარისობა [მიწის თვითნებურად დაკავება] არ უნდა წარმოადგენდეს ბარიერს, გაიცეს კომპენსაცია [შენობებზე, ნათესებზე და ა.შ.] ან/და სარეაბილიტაციო შემწეობანი.“

წინასწარი შეფასების მიხედვით, ახალი ხაზის მთელ პერიმეტრზე [ახალციხის, ადიგენის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები] დაახლოებით 120 ოჯახის ადგილმონაცვლეობა იგეგმება. `ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ყველა პირს გაეწევა კონსულტაცია და აქტიურად იქნებიან ჩართულნი მოლაპარაკების პროცესში“. რაც შეეხება იძულებით განსახლებას – ის „უნდა იქნეს გაგებული, როგორც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის საარსებო საშუალებების გაუმჯობესება“. მიწის შესყიდვის სამუშაოებს ზედამხედველობას მსოფლიო ბანკი გაუწევს, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს.

„განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ მიხედვით, კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე დაფიქსირდებიან ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი პირების აღწერისა და დეტალური ინვენტარიზაციის დაწყების დღისთვის. იმათზე, რომლებიც ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ტერიტორიაზე დასახლდებიან ამ თარიღის შემდეგ, კომპენსაცია არ გაიცემა.

რაც შეეხება ადგილზე არმყოფ მეპატრონეებს [პირები, რომლებსაც გააჩნიათ მიწაზე საკუთრების უფლება, მაგრამ ცხოვრობენ სხვაგან], მათ მაინც გააჩნიათ კომპენსაციის მიღების უფლება და პროექტის განმახორციელებელმა ერთეულმა უნდა გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა მათ მოსაძიებლად, დოკუმენტურად დასამოწმებლად და გააცნოს მათ პროცესის არსი. აღნიშნული ძალისხმევა შეიძლება გამოხატული იქნას მათთან დაკავშირებაში, მეზობლების დახმარებით, გაზეთში პროცესის შესახებ განცხადების გამოქვეყნების გზით და სხვ. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოძიება ვერ მოხერხდა, კომპენსაციის თანხა დეპონირდება პირობით ანგარიშზე და ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე არმყოფი მეპატრონის გამოჩენის შემთხვევაში.

საკუთრების შეფასებების დასამოწმებლად სსე თავისი კონსულტანტების მეშვეობით შექმნის რაიონული დონის მიწის შესყიდვისა და განსახლების ჯგუფებს, რომლებთანაც იმუშავებენ რაიონის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები (რაიონის საკრებულო, გამგებელი) და თითოეული ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი სოფლის/თემის ადმინისტრაციის წარმომადგენლები (ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი სოფლების/თემების საკრებულოების წარმომადგენლები და გამგებლები)“.

ბათუმი-ახალციხის 220-კილოვოლტიანი[კვ] ორჯაჭვა გადამცემი ხაზის სიგრძე დაახლოებით 150 კმ-ია და მის მოსაწყობად 500 ანძა იქნება საჭირო. ანძებს შორის მანძილი – 300-400 მ. სიმაღლე კი – 35 მეტრი იქნება [თითოეულისთვის საჭიროა 200 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯამში კი, მთლიანი დერეფნის მოსაწყობად – 10 მილიონ კვ/მ-დე ფართობი].

ჩვენს ხელთ არსებული რუკის მიხედვით, ქვესადგურ „ბათუმიდან“ [ხელვაჩაურში], ხაზი გადის ყოფილი „უნივერმაღის“ უკან, შემდეგ ე.წ. „გვირაბთან“ გადაკვეთს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს და მთებით გადადის მდინარე აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავთან ახლოს, სადაც კვლავ კვეთს ავტომაგისტრალს და მდინარე აჭარისწყალს. აქედან  გადამცემი ხაზი, პროექტით, ძირითადად, მდინარე აჭარისწყალს მიუყვება [შუახევის მუნიციპალიტეტის ჩათვლით ტერიტორიაზე], ხან – ერთ, ხან მეორე სანაპიროზე და მდინარის კალაპოტს [მდინარე სხალთის შესართავამდე] დაახლოებით 45-ჯერ კვეთს.

ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, საქართველოს მთავრობის დავალებით.

გარემოზე შეფასების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარია [სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს უნდა დაწყებულიყო და სამ წელში დასრულებულიყო].

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით, შპს „აჭარისწყალი საქართველოს“ მიერ მდინარე აჭარისწყალზე მშენებარე შუახევის 178 მგვტ-იანი და კორომხეთის 150 მგვტ-იანი ჰესები მიუერთდება სახელმწიფო ენერგოსისტემას.

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia Ltd – AGL) ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-is (CEI)  მიერ სპეციალურად აჭარისწყალზე ჰესების კასკადის ასაგებად დაფუძნდა, რომელმაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ შეთანხმებით თავის თავზე აიღო ამ ხაზის პროექტის საინჟინრო და გარემოსდაცვითი კომპონენტების დაფინანსება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება იგეგმება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის საშუალებით. როგორც მსოფლიო ბანკის „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების“ (TGS-Transmission Grid Strengthening) პროექტის ნაწილი. ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი იქნება სსე, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იქნება ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე.

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დაიქირავა „დგ კონსალტინგი“ (საქართველო) განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის მოსამზადებლად. რა ეტაპზეა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ კომენტარი ვერც აღნიშნული კომპანიებიდან მიიღო, მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართეს.

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მარშრუტი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: