მშენებლობა საბავშვო ბაღის ეზოსთან

ბათუმში, პუშკინის N111-ში, 16 -ე საბავშვო ბაღის ეზოსთან შპს „უსა ჯორჯია“  მრავალბინიან სახლს აშენებს. მშენებლობა ბაღის შესასვლელთან მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ მშენებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს წერილობითაც მიმართა.

„გავესაუბრე მშენებლებს, ადგილი შემოსაზღვრეს, რომ ბავშვმა იქ მისვლა ვერ შეძლოს. მე ბადეც ვთხოვე, ბადე არ გაკეთდებაო გვითხრეს. ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა უკვე შეამოწმა და როგორც ვიცი შესაბამისი დავალებებიც მისცა კომპანიას. რამდენად შეასრულებს ამას ვერ გეტყვით, ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად ვართ და ბავშვებს იმ მხარეს საერთოდ არ ვუშვებთ. მაინც ვერ ვენდობით მაგათ დამცავებს.“ – ამბობს 16-ე ბაღის დირექტორი მარიკა ბეჟანიძე.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომაგდნლის, ლაშა ბერიძის ინფორმაციით, შპს „უსა ჯორჯია“ ბათუმში პუშკინის 111-ში მშენებლობას უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აწარმოაბდა, რის გამოც დაიწყო საქმის წარმოება, კომპანიას კი დარღვევების გამოსასწორებლად ერთკვირიანი ვადა მიეცა:

„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჩვენ, კომპანიას მოვთხოვეთ ობიექტზე სპეციალური ფენილების განთავსება, რამაც უნდა დაიცვას ობიექტი რაიმე სახის მასალის გადმოვარდნისგან, ეს არ არის ბადე. ბადე გამოიყენება შელესვის დროს წვრილი ქვები რომ არ ჩამოვარდეს, რაც მძიმე მასალებს ვერ შეაკავებს. მოვითხოვეთ ასევე მოაჯირების დაყენება სართულებზე იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებისთვის.“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი