მთავარი,სიახლეები

მოსამართლე საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებას საიას და გამჭვირვალობას სთხოვს

23.02.2018 • 6257
მოსამართლე საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებას საიას და გამჭვირვალობას სთხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სთხოვს. ირაკლი შავაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე გუშინ, 22 თებერვალს უარი უთხრა. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა განმარტება, რომ 50-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და 50-ვე პირი იყო კეთილსინდისიერი და კვალიფიციური. მაშინ გაურკვევლია, რის გამო მითხრეს უარი უვადოდ გამწესებაზე, რადგან მოსამართლის გამწესება ამ ორი კრიტერიუმის საფუძველზე ხდება… მე უარი მითხრეს იმიტომ, რომ არ ვარ „კოლექტიური მურუსიძე“, – აღნიშნა ირაკლი შავაძემ.

პირდაპირ ეთერში საუბრის დროს მოსამართლემ ძირითადად ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. თქვა, რომ დავით მამისეიშვილი „მისვლის დღიდანვე დაუპირისპირდა“ და „მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს უშლიდა“.

ირაკლი შავაძე: „დავით მამისეიშვილი დანიშვნის პირველივე დღიდანვე ჩემს მიმართ იყო არაკეთილგანწყობილად. როცა მივედი, პირველივე დღესვე ულტიმატუმი დამიყენა: ან იქნები ჩვენი გუნდის წევრი, ან თუ არ იქნები ჩვენთან ერთად, მაშინ იქნები მარტო, გარიყული… მასთან დაპირისპირებაში შესვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მისი სურვილი იყო, რომ ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა და მისი კარნახის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილებები.

ის ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები.“

მოსამართლემ კონკრეტული საქმეც გაიხსენა – ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმროში, რასაც სამი ბავშვის დაღუპვა მოჰყვა. ამ საქმეზე ბრალდებულს თავდაპირველად მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით კი, როცა საქმე ირაკლი შავაძეს გადააბარეს, მან ბრალდებული ზაზა ართმელაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

„მან არ გაუშვა პატიმრობიდან იმიტომ, რომ ჰქონდა ბოღმა. ბრალდებულის დამ და ადვოკატმა საპროტესტო აქცია გამართეს და ამის გამო იყო გაბრაზებული…“ – დასძინა ირაკლი შავაძემ.

მოსამართლემ ისაუბრა საჩივრებზეც, რაც მის წინააღმდეგ შევიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ირაკლი შავაძე მიიჩნევს, რომ „ეს ორკესტრირებული ქმედებაა მის წინააღმდეგ“ და პროკურატურიდან ამას „ადეიშვილის ნარჩენები“ აკეთებდნენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილების მიხედვით, მან ვერ დაინახა დისციპლინური პასუხისმგებლობის დევნის შემცველი საკითხები ამ საჩივრებში, მაგრამ საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა შეწყვეტას. მიზანმიმართულად აჩივლებინეს ცალკეულ პირებს… 37 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ. ოთხი თუ ხუთი საჩივარი დაწერეს, მაგრამ ხელშესახები ვერაფერი მოაგროვეს,“ – განაცხადა ირაკლი შავაძემ.

ამ ნაწილში ითხოვა მოქმედმა მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარება:

„მე ვთხოვ საიას და გამჭვირვალობას ჩაერთონ ამ საქმეში და გახადონ საჯარო, რადგან საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს იყო ჩემს წინააღმდეგ ორკესტრირებული მოქმედება…“ – თქვა მოსამართლემ.

ირაკლი შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხით დაინტერესება პროკურატურას სთხოვა. მისი შეფასებით, იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების ნიშნები. ამის დასტურად მოსამართლემ მისი გადაყვანა დაასახელა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

ირაკლი შავაძე 2016 წლის იანვარში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლედ დანიშნა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, წელიწადნახევრის განმავლობაში ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა.

„ამის უფლება დავით მამისეიშვილს არ ჰქონდა, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ,“ – თქვა მოსამართლე ირაკლი შავაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

ირაკლი შავაძემ ასევე თქვა, რომ დავით მამისეიშვილი სრულად აკონტროლებს მოსამართლეების თავისუფალ ნებას. თუ მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში – აცხადებს მოსამართლე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: