მთავარი,სიახლეები

რატომ აღარ იბრუნებს ბათუმის მერია ბულვარს

23.02.2018 • 2442
რატომ აღარ იბრუნებს ბათუმის მერია ბულვარს

ბათუმის ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნება საკრებულომ 2014 წლის აპრილში გადაწყვიტა, მაგრამ  ბულვარის მართვის უფლება ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. დღეს ბათუმის საკრებულოსა და მერიაში არავის სურს საუბარი თემაზე: რატომ არ იბრუნებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ბულვარს მართვაში.

ბათუმის ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. მას შემდეგ არაერთხელ გაჩნდა ბულვარში ისტორიული ძეგლის დაზიანებისა და განადგურების საფრთხე. საფრთხის პირისპირ ყოფნის დროს სპეციალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ სხვადასხვა რისკზე, მათ შორის, იმაზე, რომ ბათუმის ბულვარის მართვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმეა და არა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც, ძირითადად, ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, 2014 წლის 24 აპრილს საკრებულომ ბულვარის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა. 2016 წლის დეკემბერში ბათუმის საკრებულო ხელახლა შეიკრიბა ბულვარის საკითხზე. საკრებულომ ამჯერად ბულვარის დაბრუნებაზე უარი თქვა. სხდომას მაშინდელი ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც ესწრებოდა. საკრებულოს წევრებს მან იგივე უთხრა, რასაც მანამდე საჯაროდ ამბობდა: ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდეს და შემდეგ განვიხილოთ ბულვარის დაბრუნება.

ამ სხდომამდე ბათუმის ბიუჯეტის პროექტში ბულვარისთვის დაფინანსებაც გაჩნდა – 3 მილიონ 400 ათასი ლარი, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დახარჯულიყო. მას შემდეგ, რაც საკრებულომ ბულვარზე უარი თქვა, ეს ფული სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. საკრებულომ დადო პირობა, რომ ბულვარის დაბრუნების საკითხს ერთი წლის შემდეგ, ბულვარში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოს დასრულების შემდეგ განიხილავდა.

ერთი წლის შემდეგ ბათუმის საკრებულოში ახალი შემადგენლობაა, რომელსაც ამ დრომდე ბულვარის საკითხზე არ უმსჯელია.

„უნდა მოგვმართოს ინიციატივით ბათუმის მერიამ. თუ შემოვა ინიციატივა, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ომარ მახარაძემ.

რატომ აღარ სურს მერიას ბათუმის ბულვარის დაბრუნება? – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს მხოლოდ გოგა ლომაძე გაგვცემდა, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი. გოგა ლომაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბულვარის მართვის უფლების მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნების საკითხი ამ დროისთვის ქალაქის მერიაში არ განიხილება.

ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განიხილავენ. „ბიუჯეტში ისევ არის გათვალისწინებული თანხა ბულვარის მართვისთვის და მისი გადაცემის საკითხი არ განიხილება,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

2018 წელს ბათუმის ბულვარისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 10 მილიონ 357 ათას 100 ლარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: