როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას – სპეციალისტის რჩევები

2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. გასული წლის დეკემბერში უკვე დაიხარჯა 35 მილიონი, სამინისტრომ წამალი და ტექნიკა შეიძინა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. დაინერგება მონიტორინგის სისტემა და მოსახლეობას საგანმანათლებლო ბროშურები დაურიგდება.

რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და რა როლი აკისრია ამ პროცესში მოსახლეობას, „ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მოადგილე, ზურაბ ლიპარტია პასუხობს.

ზურაბ ლიპარტია

– როდის იღვიძებს აზიური ფაროსანა და რას აპირებს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის წინააღმდეგ?

მწერს აქვს თავისი ბიოლოგიური თავისებურებები. ყველა ქვეყანაში და ყველა კლიმატურ პირობებში იგი სხვადასხვაგვარად იქცევა. ჩვენს პირობებში დაახლოებით აპრილის თვიდან უნდა ველოდოთ აზიურ ფაროსანას გარეთ გამოსვლას ზამთრის სამალავებიდან, როცა დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსზე მეტი იქნება. შეჯვარების და კვერცხის დადების პერიოდი აქვს  მაისის დასაწყისში. თუ ცივი და ნალექიანი გაზაფხული იქნა, მისი სახლებიდან გამოსვლა შეიძლება გაჭიანურდეს 15 ივნისამდე,  როგორც შარშან მოხდა.

ღონისძიებები, რომელიც გატარდა შარშან და გატარდება წელს შემუშავებულია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების, ენტომოლოგების დახმარებით. ამერიკელ და იტალიელ მეცნიერებთან ერთად შედგა მავნებელ მწერთან ბრძოლის სტრატეგია.

სტრატეგია რაში მდგომარეობს – პირველი ეს არის  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ვინაიდან გადამწყვეტი როლი ღონისძიებების გატარებაში და წარმატებაში სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობას აქვს. ზამთრის პერიოდში მავნებელი არის სახლებში, ამიტომ მისი მექანიკური განადგურება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მდედრის განადგურება მომავალ წელს 200-250 ინდივიდით ამცირებს მავნებლის რაოდენობას.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მონიტორინგის სისტემის შექმნა. მაგალითად, თუ ადრე ამერიკაში  10-12 წამლობას აკეთებდნენ ბაღებში აღნიშნული მწერისგან დასაცავად, ახლა აკეთებენ ორ წამლობას, ვინაიდან ზუსტად იციან, რომელი ფაზის წინააღმდეგ არის  ბრძოლა ეფექტური. ეს ფაზა მათი გადმოცემით და ჩვენი დაკვირვებით არის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ნიმფის ანუ მატლის ფაზა. ამ ფაზაში მწერი იმყოფება 4-6 კვირა. ამ დროს ფრთები არ აქვს მავნებელს, არ ფრენს, არ გადაადგილდება დიდ ადგილზე და ზუსტად მაშინ არის საჭირო წამლობის ჩატარება, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი.

ეს სტადიები დგინდება ფერომონიანი დამჭერების გამოყენებით. თუ ფერომონიან ხაფანგზე დაფიქსირდა ნიმფა, ერთი მაინც, ეს იმას ნიშნავს, რომ დაწყებულია ნიმფების კვერცხიდან გამოსვლა. საჭიროა ღონისძიებების გატარება, მაგრამ ამას სახელმწიფო გააკეთებს. მთელს რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც დამონტაჟებული იქნება ხაფანგები. ჩვენი სპეციალისტები დააკვირდებიან და  მოსახლეობას აცნობებენ მავნებლის გამოსვლის ზუსტ ვადებს.

კონკრეტულად რას გააკეთებთ ინფორმაციის გავრცელებისათვის? მაგალითად გლეხი, რომელიც ცხოვრობს აჭარის ან გურიის რომელიმე სოფელში, როგორ გაიგებს ამ ინფორმაციას?

ტელევიზიით გავა სპეციალური ვიდეო გაკვეთილები და ახსნილი იქნება თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. სად უნდა ჩამოკიდოს ფერომონიანი დამჭერები, როგორ უნდა შეასხუროს და გააზავოს ბიფერინის შემცველი ინსექტიციდები. თუმცა, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, აჭარაში ციტრუსის წამლობის დიდი გამოცდილებაა, ამიტომ  ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა კარგად გამოიყენებს ამ საშუალებებს. ასევე დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. ძალიან გასაგებ, მარტივ ენაზე იქნება ინფორმაცია, თუ რომელ კულტურაზე როდის რა უნდა გავაკეთოთ.

ფერომონიან ხაფანგებს ვინ დაამონტაჟებს, თუ მოსახლეობას დაურიგებთ?

სახელმწიფო დაამონტაჟებს, ჩვენი სპეციალისტები იქნებიან ჩართული. ფერომონიანი სატყუარები განკუთვნილია „მოიზიდე და მოკალი’’ სადგურებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ხეზე მონტაჟდება რამდენიმე ფერომონიანი ხაფანგი ეფექტის გასაძლიერებლად. ის ხე იწამლება კვირაში ერთხელ. ფერომონი იზიდავს აზიურ ფაროსანას, შეწამლულ ხეზე მოძრაობს მწერი და ასე ხდება მისი განადგურება. ეფექტურია, ამერიკაში ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენს პირობებში როგორ იმუშავებს ჯერ არ ვიცით.

დასავლეთ საქართველოში და  სხვა ადგილებში, სადაც მავნებლის გავრცელების საშიშროება არსებობს, დიდი ინტენსივობით აღინიშნა შარშან. იქ შეწამვლავენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ეს მავნებელი აფხაზეთიდან შემოვიდა ჩვენთან. სოჭის ოლიმპიადის დროს ხის მასალა შეიტანეს სოჭში და მერე უკვე იქიდან შევიდა აფხაზეთში. საქართველოში სამეგრელოს რეგიონშია ყველაზე დიდი კერა, ამიტომ  პროპორციულად იქნება ღონისძიებები გატარებული. თუმცა მონიტორინგი და დაკვირვება მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი.

როგორ უნდა გამოიყენოს ინსექტიციდები მოსახლეობამ? სჭირდებათ თუ არა სპეციალური კომბინეზონი და შესაწამლი ტექნიკა?

ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები საქართველოში 2010 წლიდან არის დაფიქსირებული. ყველამ იცის და ყველა იყენებდა. განსაკუთრებული მიდგომა ამ პრეპარატს არ სჭირდება. სპეციალურ კომბინიზონს იმიტომ იყენებდნენ, რომ ერთი ადამიანი ასხურებდა 33 ჰექტარს. ამიტომ მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდებოდა. ამდენი რაოდენობის  შესხურება ადამიანს თავის საკარმიდამო ნაკვეთში არ სჭირდება. როგორც შაბიამანი შეგისხურებია, აი ვენახის შეწამვლის დროს რა პროცედურაცაა, ზუსტად იგივეა ამ შემთხვევაშიც მოსახლისთვის. არავითარი განსაკუთრებული მიდგომა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების და უსაფრთხოების დაცვა. იქნება ეს პირბადე, გრძელმკლავებიანი ბამბის პერანგი, სათვალე და ქუდი, კანი რომ იყოს დაცული.

როგორც ვიცი მოსავლის მწიფობის პერიოდში ჩატარებული წამლობის დროს, გარკვეული წესები უნდა დაიცვას მოსახლეობამ…

საქართველოს პირობებში აზიურ ფაროსანას ორი თაობა აქვს. ერთი ციკლი გამოზამთრებიდან ახალი თაობის მოცემამდე და შემდეგ ის თაობა ახალ თაობას იძლევა.

ორი პიკი გვაქვს. მაისი-ივნისი და ივლისი-აგვისტო. მაისი-ივნისის თვეში ხდება პირველი წამლობა. მეორე პიკის დროს ყველა თაობის, ყველა ასაკის მწერი შეიძლება შეგვხვდეს. მეორე წამლობისას უნდა გავითვალისწინოთ ლოდინის პერიოდი, ანუ ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი. ეს იცის ყველამ. მეორე წამლობის დროს არამარტო ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ნებისმიერი სხვა ინსექტიციდები – ეს იქნება კარატე, დეცისი თუ ასე შემდეგ. ყველა პრეპარატის ეტიკეტზე, ტარაზე დატანილია ლოდინის პერიოდი. ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე თუ აწერია 20 დღე, ბოლო წამლობიდან უნდა გავიდეს 20 დღე, რომ დაიშალოს და არ მოხდეს ნაშთი პროდუქციაში.

შარშან ამ კუთხით პრობლემები არ გვქონია. ჩვენი პროდუქცია გადის უცხოეთში, მოწმდება იქ პესტიციდების შემცველობაზე და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა დაფიქსირებულიყოს რაიმე ნაშთები.

მავნებელთან ბრძოლის ბოლო ფაზა არის ოქტომბერში – ისევ ეზოებში უნდა ჩავატაროთ ღონისძიება. შემდეგ, როცა შევა სახლებში, ზამთარში მექანიკურად უნდა გავანადგუროთ. ეს არის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო წესი.

მოსახლეობა შიშობს, რომ შეწამვლის დროს შეიძლება შინაური ფრინველები მოიწამლონ. რამდენად საფუძვლიანია ეს შიშები?

შეწამვლა გულისხმობს, რომ პრეპარატი, რაც მიესხმება, მცენარის ფოთლებზე დარჩეს. არ უნდა მივასხუროთ უშუალოდ ფრინველს და ცხოველს – ეს ზოგადი წესია. ფუტკრებს უნდა მოვარიდოთ. და ასევე ყვავილობის დროს არ შეიძლება ყვავილოვან მცენარეებზე შესხურება. არც სხვა მცენარეებზე, რომელიც ყვავის. ელემენტარული წესებია დასაცავი.

რამდენად არის საფრთხე მავნებელი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდეს? მონიტორინგს თუ ახორციელებთ?

პროგრამა, რომელიც შედგენილია მიმდინარე წელს, გათვლილია მთელ საქართველოზე. ანუ ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, როგორც ტექნიკური, ისე პრეპარატების, რომ წამლობა განვახორციელოთ ყველა კულტურაზე, მთელს ტერიტორიაზე. საშიშროება სხვადასხვა დონისაა. დასავლეთისგან განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოში ყველა კულტურა იწამლება. ყველა პრეპარატი, რომელიც ინსექტიციდია და ხდება შესხურება, ის მოქმედებს.

მონიტორინგის სისტემა, რომელიც მავნებელს აღმოაჩენს და გვეტყვის რა სიმჭიდროვითაა მავნებელი ამა თუ იმ რეგიონში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.

რაც შეეხება აფხაზეთს და კონკრეტულად გალის რაიონს. თუ გაქვთ რაიმე გათვალისწინებული მათთვის. დაეხმარებით თუ არა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში?

შარშან გადავეცით, 182-ძრავიანი ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი და დაახლოებით 16-17 ტონა პრეპარატი. ასევე  ფერომონიანი ხაფანგები და დამცავი კომბინეზონები, ანუ რაც სხვადასხვა რეგიონმა მიიღო, ის მიიღო გალის რაიონმაც. ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლიანად ვერ მოიცვა. ამასთან დაკავშირებით 27 თებერვალს მიწვეულები ვართ გალში. პირადად მივდივარ და შევხვდები აფხაზ კოლეგებს. ალბათ იქ განვიხილავთ ღონისძიებებს, რომელიც უნდა დავგეგმოთ როგორც აქეთ, ისე იქით მხარეს, რომ პარალელურად განხორციელდეს და შედეგი მოიტანოს.

 

ამავე თემაზე:

ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი