XIX საუკუნის ჩუქურთმები და ფერწერა ბათუმში – მესაკუთრე სახლის რესტავრირების ნებართვას ითხოვს

ბათუმში, ირაკლი აბაშიძის # 3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოები, რაზეც „ბათუმელები“ წერდა, სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილებამ შეაჩერა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას სახლის მესაკუთრე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია, სახურავი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ჟონავს, რაც ოთახებში მოჩუქურთმებულ, უნიკალურ ჭერს აზიანებს, ეზოს მხრიდან კი კედლები დაბზარულია და თანდათან იშლება, ამიტომაც მისი  რესტავრირება და  პირვანდელი სახით შენარჩუნება სურს.

„ჩვენ ვიცით სახლის ღირებულება, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძეგლია, ზუსტად ამიტომ ვაპირებთ გავწიოთ ძალისხმევა მის გადასარჩენად. გაგვიმართლა, რომ წელს არ იყო დიდი ზამთარი, ასე რომ მომხდარიყო, შესაძლოა ეზოს მხარეს კედელი ჩამონგრეულიყო. მოუვლელობის გამო ისედაც ბევრი გაფუჭდა. გასულ წელს თოვლმა მოაჯირი დააზიანა. ჩვენ გვინდა, რომ ძეგლი გადავარჩინოთ. ჩემი შვილი საფრანგეთში სწავლობს ინტერიერის დიზაინზე და ისიც ღელავს, იქედან მკარნახობს დეტალების შესახებ, ამბობს, რომ ფრანგულია და არ უნდა შევეხოთ“ – ამბობს ნონა მაჭუტაძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე.

მან სახლის ინტერიერი და სადარბაზოს კედლებზე შემორჩენილი  ფერწერაც გვაჩვენა. სადარბაზოს პროფილურ ჩარჩოებში შემორჩენილია პეიზაჟები, სადაც ციხესიმაგრეები, ეკლესიები და მცირე ზომის ფიგურებია გამოსახული, სადარბაზოს ჭერზე კი ნალესობით შესრულებული პროფილებია. სახლში შემორჩენილია ასევე ძველი ბუხარი, რომელიც 200 კვმ ფართობის გათბობას უზრუნველყოფდა. 

ბათუმი. ირაკლი აბაშიძის ქუჩა #3
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ძეგლის სადარბაზოს კდელებზე შემორჩენილია პეიზაჟები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზო, ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #3
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ირაკლი აბაშიძის #3-ში მდებარე ძეგლი რამდენიმე მესაკუთრეზეა რეგისტრირებული, ერთ-ერთია როსტომ ბოლქვაძე, რომელსაც სახლის საკუთარი ნაწილის რესტავრირების დაწყება სურს. მისი მეუღლე, ნონა მაჭუტაძე ამბობს, რომ სახლის იმ ნაწილის  რესტავრაციისთვის, რაც  მისი ოჯახის საკუთრებაშია, პროექტი მოამზადეს და ნებართვის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართეს და უარი მიიღეს, თუმცა ამ ინფორმაციას სააგენტოში არ ადასტურებენ.

სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის მირზა ცეცხლაძის  განმარტებით ირაკლი აბაშიძის #3-ში ძეგლზე სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული განაცხადი სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭომდე ვერ მივიდა, რადგან განმცხადებელმა საჭირო დოკუმენტები სრულად ვერ წარადგინა.

„შემიძლია წარმოგიდგინოთ ბრძანება, რომლითაც განაცხადი დარჩა განუხილველი იმის გამო, რომ მესაკუთრემ ვერ წარმოადგინა კანონით განსაზღვრული დოკუმენტები განსაზღვრულ ვადაში, რაზეც ასევე კანონი ითვალისწინებს განაცხადის განუხილველად დატოვებას. ამიტომაც ვამბობ, რომ უარი არ მიუღია.“

სააგენტოში განმარტეს, რომ მესაკუთრემ  ამხანაგობის თანხმობა ვერ წარუდგინა სააგენტოს. სააგენტო კი ამ დოკუმენტს ითხოვდა, რადგან სახლის რეკონსტრუქცია-გამაგრების პროექტი  ამხანაგობის საერთო ქონების ცვლილებასაც ითვალისწინებდა:

„თუ მესაკუთრე მოიფიქრებდა სამუშაოების იმგვარად ჩატარებას, რომ ის არ შეეხებოდა საერთო ქონებას, თუ  იქნებოდა შესაძლებელი ასეთი კონსტრუქციული გადაწყვეტა, აღარ მოვითხოვდით მეზობლების თანხმობას.  ამაზე უკვე იმსჯელებდა საბჭო. რა  გადაწყვეტილებას მიიღებდნენ საბჭოს წევრები, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ საბჭომ რაღაცაზე უარი უთხრა, არ არის სწორი“ – განმარტა მირზა ცეცხლაძემ.

მესაკუთრე კი ამბობს, რომ საკითხი ეხება სახურავს, რომლის შეკეთების გარეშე შიდა სამუშაოები აზრს კარგავს, რადგან სახურავი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და წყალი ჟონავს. ის ადასტურებს იმასაც, რომ მეზობლებმა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერეს, შესაბამისად ის სააგენტოში ვერ წარადგინა.

ბუხარი, რომელიც ირაკლი აბაშიძის #3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლშია შემორჩენილი

რა ბედი ეწევა ძეგლს თუ მესაკუთრე მეზობლების თანხმობის მიღებას ვერ შეძლებს, რაც ძეგლის რესტავრაციის დაწყების პროცესს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააჩერებს?  – სააგენტოში ამბობენ, რომ მესაკუთრეს ძეგლის მოვლის ვალდებულება აქვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს ძეგლს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება კი ირაკლი აბაშიძის #3-ში მდებარე სახლის მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული არ არის.

იგივე კანონმდებლობით ძეგლებზე ზრუნვის პასუხიმგებლობა აქვს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას, ამ შემთხვევაში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელმაც მესაკუთრეს უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა.

სააგენტოში  ამზადებენ ოფიციალურ წერილს, რითაც მოქალაქეს გააფრთხილებენ, რომ სამუშაოების კიდევ ერთხელ უნებართვოდ განახლების შემთხვევაში ფულად ჯარიმას დააკისრებენ.

იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე რესტავრაციის დასაწყებად მეზობლების თანხმობას ვერ მიიღებს და ეს პროცესი დროში გაჭიანურდება, როგორ იზრუნებს სააგენტო ძეგლის გადარჩენაზე? – კანონმდებლობით მესაკუთრის თანხმობის მიღება და სახლის რესტავრაცია სააგენტოს შეუძლია, ამას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა კანონივე ითვალისწინებს შემდგომში ამ თანხის მესაკუთრისგან ამოღებას.

იმ შემთხვევაში კი თუ ძეგლის მესაკუთრის იდენტიფიცირება ან მისი პოვნა ვერ მოხერხდა, სააგენტოს აქვს უფლებამოსილება დაიწყოს სახლის რესტავრაცია- გამაგრება სასამართლოს თანხმობით.

„თუ  ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას არ საჭიროებს, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დაასაბუთოს ძეგლისა და თავისი კერძო ინტერესი და მოითხოვოს ამხანაგობის დავალებულება, რომ გასცენ თანხმობა“ – განმარტა მირზა ცეხცლაძემ.

ბათუმი. ირაკლი აბაშიძის #3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

სპეციალისტების შეფასებით ჭერში ნალესი პროფილებია

 

როგორ აფასებენ სპეციალისტები ძეგლის მდგომარეობას

სამი წლის წინ კომპანია „გეოგრაფიკმა“ ირაკლი აბაშიძის #3-ში მდებარე ძეგლის მდგრადობა შეაფასა და რეკომენდაციებში სასურველ ჩარევად რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა:

„ეზოს მხარეს შენობის მეორე სართულის იატაკი და აივნები დაზიანებულია, კედლებს აქვს ბზარები, სახურავი ატარებს წყალს, ქუჩის მხარეს შენობა ვიზუალურად ნორმალურ მდგომარეობაშია“ – ნათქვამია „გეოგრაფიკის“ დასკვნაში.

რაც შეეხება ძეგლის არქიტექტურულ ღირებულებას, მას სპეციალისტები ასე ახასიათებენ:

„ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩართულია პერიმეტრულ განაშენიანებაში. უკან განვითარებული ფლანგები შემოიზღუდავს შიდა ეზოს. კლასიცისტურ ფასადზე არქიტექტურული ფორმები სიმეტრიულად არის გადანაწილებული. შენობას არსებითი როლი აქვს უბნის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახის შექმნაში, განსაზღვრავს მის საერთო მასშტაბსა და ხასიათს. იგი ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობათა რიგში დგას და თავადაც ძეგლს წარმოადგენს. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, მართალია, თუმცა იქვე ავტოსადგომის მოწყობა პრობლემურია.

დაზიანებული ჭერი

თაღოვანი ფანჯრები ქუჩის მხარეს

სპეციალიტების შეფასებით, ეზოს მხარეს შემინული აივანი შენარჩუნებულია, თუმცა სხვადასხვა მასალით არის გადაკეთებული და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე.

სადარბაზოს კედელი

ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #3

ფასადი ეზოს მხრიდან

ფასადი ეზოს მხრიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი