მთავარი,სიახლეები

მიმართვის შემთხვევაში მერია ქვეწარმავლებს დაიჭერს და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებს

23.02.2018 • 4274
მიმართვის შემთხვევაში მერია ქვეწარმავლებს დაიჭერს და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებს

ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახურის დეზინსექცია-დერატიზაციის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მიმართვის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი, შენობა-ნაგებობებისა და სათავსოების გარშემო ტერიტორიას ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დაამუშავებს.

ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავდება უშუალოდ შენობა-ნაგებობებიც და მათი სარდაფები, სხვენები და საწყობები. მერიის ინფორმაციით, მიმართვის შემთხვევაში, ქვეწარმავლებს დაიჭერენ, გადაიყვანენ ტრანსპორტით და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებენ.

მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, ამ ქვეწარმავლების მოკვლა არ არის რეკომენდირებული იმიტომ, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ:

„ჩვენთან შხამიანი გველი არ ბინადრობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება პროფილაქტიკური ღონისძიებები, თუ გამოჩნდება, დაიწყება იმ ტერიტორიის შეწამვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ქვეწარმავალი აღარ გამოჩნდება. თუ ადგილზე გასულ ჯგუფს დახვდება ქვეწარმავალი, მაშინ მოხდება მისი გადაყვანა და გაშვება დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც ტყეებია”.  ტერიტორია გარემოს დაცვის სამმართველოსთან შეთანხმდება.

ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ ცვლილება პროგრამაში იმიტომ გახდა საჭირო, რომ გასულ წლებში ამ საკითხზე მოსახლეობის მხრიდან იყო მიმართვიანობა, სამსახურს კი არ გააჩნდა შესაბამისი პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნებოდა შესაბამისი ღონისძიებები.

ნუგზარ ცეცხლაძის ცნობით, გასულ წელს 10-მდე მიმართვის შემთხვევა იყო: „უფრო ადლიის და ბონი-ბარცხანის ტერიტორიაზე, გარეუბნებში. ეს პრობლემა აქტუალური ხდება ტემპერატურის მატებისას, თუმცა ჩვენი ჯგუფი ახლაც მზად არის, ინფორმაციის შემოსვლის საფუძველზე ადგილზე გავიდეს ოპერატიულად და სპეციალური პრეპარატებით დაამუშაონ ტერიტორია.“

როგორც მერიის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, წელს ასეთი გამოძახება ჯერ არ დაფიქსირებულა.

მერიის ცხელი ხაზია: 0422 27 26 06, გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებისა კი: 04 22 27 69 13.

დეზინსექცია-დერატიზაციის პროგრამის ბიუჯეტი 369 406 ლარია. პროგრამის ფარგლებში, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, დეზინფექციას ასევე  ჩაუტარებენ მრავალსართულიან სახლებს, სადარბაზოებს, ქალაქის ტერიტორიაზე ერთ და ორსართულიან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებს, იტალიურ ეზოებსა და სარდაფებს. ასევე, ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია [მავნე მწერების, პარაზიტების მოსპობა] და ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია [მავნებელი მღრღნელების განადგურება] მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: