“გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს

“გიორგი მიქაუტაძის საქმის” განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. გადადება პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ითხოვა, რომელმაც დავით ხარძეიშვილი ჩაანაცვლა და საქმის გასაცნობად დრო ითხოვა.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძეც არ გამოცხადნენ. ისინი ისევ დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და გამოაგზავნეს ცნობა ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკიდან. ცნობაში წერია, რომ მათ ექიმთან ვიზიტი აქვთ ჩანიშნული.

“ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არის წარმოდგენილი რომელიმე ცნობა, სადაც წერია, რომ ისინი მკურნალობის კურსს გადიან?” – იკითხა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა.

საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ამ საქმეში თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს იცავს, მოსამართლეს უპასუხა, რომ ასეთი ცნობა წარმოდგენილი არ არის.

მოსამართლემ მორიგი სხდომა 12 მარტს დანიშნა და დასძინა:

“ასე ექიმთან ვიზიტის ჩანიშვნა მეც შემიძლია… გადაეცით ბრალდებულებს, რომ სხდომა აღარ გადაიდება.”

ბრალდებულები სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით ჩართვას ითხოვენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობა სასამართლოს არ განუხილავს.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი უვადოდ გუშინ, 23 თებერვალს გაამწესეს. გასაუბრებაში მონაწილეობდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც საბოლოოდ კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ მიიღო. მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

 

ამ თემაზე:

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი