მთავარი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ აბორტზე – ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა სახიფათოა

23.02.2018 • 43043
რა უნდა ვიცოდეთ აბორტზე – ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა სახიფათოა

საქართველოში 2016 წელს 30 000-მდე აბორტი იყო რეგისტრირებული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა დღემდე არსებული პრაქტიკაა, აბორტის რიცხვი გაცილებით მაღალია. ინფორმაციას ორსულობის შეწყვეტის მედიკამენტურ მეთოდებზე ხშირად ფეისბუქის საშუალებით, საჯაროდ ცვლიან.

აბორტი, იგივე ორსულობის შეწყვეტა, უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე, განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ თუკი აბორტი მაინც გარდაუვალია, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

დღეს აბორტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული  ორი მეთოდით ტარდება – მედიკამენტური აბორტი და ვაკუუმ-ასპირაციის მეთოდი, იგივე „მინი აბორტი”. მედიკამენტური აბორტი დასაშვებია ორსულობის მე-9 კვირის ჩათვლით, ხოლო ქირურგიული აბორტი – ორსულობის მე-12 კვირის ჩათვლით.

წყარო: საქსტატი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2010-2014 წლებში, ჯამში, დაახლოებით 25 მილიონი არაუსაფრთხო აბორტი გაკეთდა. საფრთხისშემცველად მიიჩნევა აბორტი, როცა ორსულობა ხელოვნურად წყდება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

საქართველოში აბორტის ფასი საშუალოდ 150 ლარია, თუმცა სიღარიბის ფონზე, ხშირად ქალები  უფრო დაბალი ფასის ძიებაში აბორტის სახიფათო გზებს მიმართავენ, მათ შორის თვითნებურ მედიკამენტურ აბორტს, “ბევრი ფასის გამო იკეთებს თავისით აბორტს, იაფი ჯდება იმ მედიკამენტით, აბორტის ფასის გარდა კიდევ ოცი ლარის წამლებსაც გიწერენ… მე მეზობელმა მასწავლა” ამბობს ნ.რ., რომელსაც თავადაც მიუმართავს აბორტის ამ სახიფათო გზისთვის, მიზეზად ფინანსური ნაწილის გარდა, ზოგადად აბორტის შესახებ ნაკლები ინფორმაცია და შიში დაასახელა  – “შემეშინდა მეც, მეგონა იქ მაშებით და რაღაც ინსტრუმენტებით გამიკეთებდნენ ამ პროცედურას და ვარჩიე აბები მარტივად. სახლში არავინ იცოდა. ქმარს არ ვუთხარი იმიტომ, რომ არ დამთანხმდებოდა და ბავშვი პატარა მყავდა…”. ნ. ამბობს რომ აბორტის ეს სახიფათო გზა ხშირად ხშირად არ მუშაობს და პირადად მას, მაინც მოუწია კლინიკაში მისვლა: “ხშირად არც აშორებს, არც მე მომაშორა, ოღონდ მე შემეშნდა და რამდენიმე აბის მეტი არ დამილევია. კიდევ რამდენჯერმე უნდა დამელია წესით, მაგრამ მივედი და იქ გამიკეტეს”.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში გიორგი ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ძალიან საშიში პრაქტიკაა:

„აფთიაქებში, წესით, რეცეპტის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ მაინც ახერხებენ. იმ მედიკამენტის კომბინაციის გამოყენება, რასაც ყიდულობენ, არ არის მართებული. კლინიკებში საერთოდ სხვა კომბინაცია გამოიყენება,” – ამბობს გიორგი ცერცვაძე. ასეთ დროს შესაძლოა ქალის ჯანმრთელობა გაუარესდეს, დაეწყოს სისხლდენა, რომელიც კლინიკისთვის დროულად არ მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა ლეტალურადაც კი დასრულდეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მედიკამენტური აბორტი აუცილებლად მცირე ვადებზე უნდა იყოს გამოყენებული. დიდ ვადებზე, მით უმეტეს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე – დიდი რისკია ლეტალური გამოსავლის”.

მიიჩნევა, რომ აბორტი პირველი ორსულობისას განსაკუთრებულად საშიშია ქალის რეპროდუქციის უნარისთვის. გიორგი ცერცვაძე ამბობს, რომ გართულებების რისკი ყოველთვის არსებობს, პირველი ორსულობის შეწყვეტა იქნება ეს თუ მეორე, მაგრამ პირველ ორსულობაზე აბორტისას, გართულების რისკი 10%-ით მაღალია, ვიდრე მომდევნო შემთხვევებში, თუმცა ეს, ძირითადად, ქირურგიულ აბორტს ეხება, ამ დროს არსებობს ინფექციის შეტანის რისკი.

საქართველოში უსაფრთხო აბორტზე უარის თქმის მიზეზი ხშირად ისიც ხდება, რომ ქალები არ ენდობიან სამედიცინო დაწესებულებებს, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცულობაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა პატარა ქალაქებში.

“ჩემმა მეგობარმა ოცი აბი დალია, ოღნოდ ზედიზედ არა. გარკვეული პერიოდულობით აკეთებდა. ასე იმიტომ გადაწყვიტა, რომ უსიამოვნო პროცედურის გარდა, კლინიკაში წლებია მისი ქმრის ოჯახის წევრი მუშაობს და არ უნდოდა იქ ვინმეს ეცნო” – ჰყვება ნ.რ..

„ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, რომ ქალის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება”, – ამბობს გიორგი ცერცვაძე.

კონტრაცეპციის შესახებ კონსულტაცია წყვილმა ან ქალმა დამოუკიდებლად შეიძლება გაიაროს გინეკოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან ან ოჯახის ექიმთან. სპექტრი ფართოა – მეთოდის შერჩევა ქალის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, წყვილის ცხოვრების წესის, სქესობრივი კავშირის სიხშირის, მეთოდის ეფექტურობის, გამოყენების წესის, ხელმისაწვდომობისა და სხვა საჭირო ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.

ამავე თემაზე:

ოჯახის დაგეგმვა – ბავშვი სასურველ დროს

სპირალი, აბები თუ ქირურგიული კონტრაცეპცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: