მთავარი,სიახლეები

მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს

22.02.2018 • 2599
მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. მოსამართლე ირაკლი შავაძე კი, რომელიც მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან არის დაპირისპირებული, ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სისტემის მიღმა დარჩება. მოსამართლეების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ხვალისთვის აქვს ჩანიშნული საქმის განხილვა, სადაც დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქმე მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ეხება.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმ დღეს კიდევ ერთი ამბავი მოხდა – არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს. არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა, ასევე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა შეუფარდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თქვა, რომ ამ კონკრეტულმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ დანიშვნა გიორგი მიქაუტაძეზეც იყო დამოკიდებული. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ გასაუბრება ისე შედგა, რომ აცილების საკითხი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაუსვამს და არც ხვიჩა კიკილაშვილს. საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი გიორგი მიქაუტაძემ გუშინ გადაცემა „არჩევანში“ გააჟღერა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე შეახსენეს, რომ ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრებაში მას მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ამ საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა.

„ეს განცხადება, რაც გიორგი მიქაუტაძემ თქვა პირდაპირ ეთერში, არადამაჯერებელია და ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებული იყო სცოდნოდა ვინ განიხილავდა საქმეს, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. საბოლოოდ მან კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საინტერესოა, თავიდან რატომ არ აიცილა? არ იცოდა, რომ უნდა აეცილებინა, თუ არ აპირებდა ამას, თუ ეს ამბავი არ გახმაურდებოდა? რადგან აიცილა ხვიჩა კიკილაშვილისთვის ხმის მიცემა გიორგი მიქაუტაძემ, ეს ადასტურებს იმას, რომ მას არც გასაუბრების და არც შეფასების პროცესში არ უნდა მიეღო მონაწილეობა,“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომას აკვირდებოდა.

ეკა ციმაკურიძე თვლის, რომ სამომავლოდაც იქნება კითხვის ნიშნები ხვიჩა კიკილაშვილის, როგორც მიუკერძოებელი მოსამართლის მიმართ. „ამ ფორმით გამწესება  მას ცალსახად უკარგავს სანდოობას,“ – ამბობს ის.

დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 50 კანდიდატს უყარა კენჭი, აქედან 7 მოსამართლეს უთხრეს უარი უვადოდ გამწესებაზე. უვადოდ გაამწესეს ხელვაჩაურის სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე – ნუგზარ მგელაძე, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განიხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: