მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფელი ჩანჩახლო გვირაბის აშენების შემდეგ [ფოტო]

22.02.2018 • 3307
სოფელი ჩანჩახლო გვირაბის აშენების შემდეგ [ფოტო]

აჭარაში, განსაკუთრებით მთიან მუნიციპალიტეტებში, გეოლოგიური პროცესები გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურდება. ერთ-ერთი გეოლოგიურად აქტიური სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივების თქმით, გეოლოგიური პროცესების გააქტიურება სოფელში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც სოფელში გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებები განხორციელდა.

აფეთქების პარალელურად სოფლის მოსახლეობა აქ აქციებს მართავდა და გვირაბის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა. სოფელში გვირაბი მაინც ააშენეს.

სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზა, ჩანჩხალოს გადასახვევიდან რამდენიმე მეტრში წყდება, მთის ფერდობიდან ჩამოყრილი მიწის მასა და ლოდები გზის სავალ ნაწილზე ერთი წელია ყრია. დაბზარულია გზის სხვა მონაკვეთებიც.

სოფლის პირველი უბანი, სადაც ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ყველაზე ცხელი წერტილია ჩანჩხალოში. ამ უბანს დღემდე მხოლოდ ოთხი ოჯახი შემორჩა. ადგილობრივების თქმით, ოთხიდან სამმა განსახლების პროგრამით 25 000 ლარი მიიღო, ერთი კი კომპენსაციის მისაღებად დოკუმენტაციას აგროვებს. ეკომიგრანტები, რომლებმაც სახელმწიფოსგან განსახლების მიზნით 25 ათასი ლარი მიიღეს, დღემდე ჩანჩხალოში რჩებიან და ცხოვრებას კვლავ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ.

შუქრი დიასამიძე ამბობს, რომ ბინის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი კრედიტით გამოიტანა, ბანკის ვალის დასაფარად კი სოფელში თამბაქო მოჰყავს.

„20 000 დოლარად  ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. თანხა, რომელიც სახელმწიფოსგან მივიღე არასაკმარისი კი იყო, მაგრამ დანარჩენი ბანკიდან გამოვიტანე, ბანკს გადახდა ხომ უნდა? ქალაქში რომ გადავიდე იქ რა ვიმუშაო? 56 წლის კაცი ასფალტზე ქურდობას ვერ დავიწყებ, აქ თამბაქო, კარტოფილი მომყავს, ვყიდი, ოჯახს ვარჩენ და ბანკშიც შემაქვს კრედიტის გადასახადი, აქ ცხოვრება საშიში კი არის, მაგრამ ისეთი საშიში არ მგონია იყოს, რომ რამე ვერ გავასწროთ“, – ამბობს შუქრი დიასამიძე.

განსახლების პროგრამით 25 000 ლარი შუქრის მეზობლად მცხოვრებმა მურად დუმბაძემაც მიიღო, მაგრამ დუმბაძეებიც დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას.

„მადლობელი ვართ ხელისუფლების, მაგრამ წასვლა გამოსავალი არ არის, აქ მანამდე ვაპირებთ დავრჩეთ, ვიდრე შესაძლებელი იქნება და ვიდრე ბანკის ვალებს არ დავფარავთ. ამ უბანს წითელ უბანს ეძახიან, ცხელი წერტილია, მიწა ნელ-ნელა იწევს, ნაპრალებიც ჩნდება“, – ამბობს მურადი.

ოჯახები, რომლებმაც კომპენსაცია სახლების გასამაგრებლად მიიღეს, ამბობენ, რომ მათი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, რადგან საცხოვრებელ სახლებზე ბზარები ყოველწლიურად იზრდება და ახალი ბზარებიც ჩნდება.

„ჩვენს სახლზე ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სახლის გასამაგრებლად 4 000 ლარი ჩაგვირიცხეს, თუმცა სახლის გამაგრებამ პრობლემა ვერ მოაგვარა, ახალი ბზარები გაჩნდა და ყოველწლიურად მატულობს, არც გზა გვაქვს ნორმალური, ხანძარი რომ გაჩნდეს სოფელში სახანძროს ავტომობილი ვერ შემოვა. მთავარი გზა თითქმის ერთი წელია ჩახერგილია, შემოვლითი გზა კი ვიწროა. ჩვენი მოთხოვნა განსახლებაა, სოფელი განსასახლებელი რომაა, ამას ის ნაპრალებიც ადასტურებს, რომლებიც ყველგანაა“, – ამბობს ციური მახარაძე.

სახლის გასამაგრებლად თანხა მავილე მიქელაძის ოჯახმაც მიიღო, თუმცა როგორც გვიყვება, სახლის გამაგრება ვერ შეძლო: „სახლის გამაგრებისთვის კომპენსაცია ორი წლის წინ მოგვცეს, მაგრამ ვერ გავამაგრეთ, მოხელეებმა, რომლებიც მოვიყვანეთ, გვითხრეს საყრდენი კედლებია დაბზარული და ამ სახლის გამაგრება შეუძლებელიაო. რაც დრო გადის სახლს ბზარები ემატება, ნაპრალები იზრდება, ბზარებს ვავსებთ,  სახლში ქვეწარმავალი რომ არ შემოძვრეს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: