ფატი და ტიტე

ავტორი: ნათია ზოიძე

ფატი  პირველად  გაზაფხულზე მოინახულეს, ერთი შეხედვით ის არაფრით იყო განსაკუთრებული,  მისი სინორჩეც არ მოგხვდებოდა თვალში. მაგრამ ვისაც დაკვირვებული თვალი ჰქონდა ადვილად შეამჩნევდა, მის სახეს ახალგაზრდული ვნებები როგორ გადაუქროლებდა ხოლმე. თითქოს ფესვები კარგად ღრმად ჰქონდა გადგმული ფატის, ამიტომაც სიო კი არა – ქარიშხალიც ვეღარ აშინებდა. შუა ასაკს მისთვის საკუთარი თავის რწმენა მოეტანა. აი, სიმაღლის გამო კი იქცევდა ფატი ადამიანის ყურადღებას. თუ დააკვირდებოდი: ხასხასა მწვანე, მოკლე, უბრალო კაბა მის აშოტილ ტან-ფეხს შესამჩნევს ხდიდა, მის ირგვლივ უფრო ნორჩებიც კი თავს უხერხულად გრძნობდნენ, ფატის სრულყოფილება მათ გამოუცდელობას უფრო მეტად  უსვამდა ხაზს.

ფატი დილით ზღვის და მთის სურნელს ერთად გრძნობდა, ვერც მთის და ვეღარც ზღვის გარეშე წარმოედგინა ცხოვრება. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ ტკბილად ღიღინებდა, როცა მთას გაჰყურებდა, ეპრანჭებოდა, იმედი ჰქონდა,  რომ მიწვდებოდა, ამის გამო თავს ბედნიერად გრძნობდა.

ფატი თავს საჭიროდ მიიჩნევდა და არც შრომა ეზარებოდა, ფიქრის დროც რჩებოდა, განცდა იმისა, რომ მისი შრომა და არსებობა სასარგებლოა – აბედნიერებდა. ფიქრობდა, რომ ეს ბრძოლაა, ჰოდა იბრძოდა ფატი მაშინაც კი, როცა არ იცოდა რა იქნებოდა შედეგი. ზოგჯერ ღრმად ამოისუნთქავდა, გულს და ფილტვებს ამოაყოლებდა ხოლმე, ამ ამოსუნთქვაზე მეზობლებს ფატის წარსული ახსენდებოდათ: ფატის მშობლები არ ჰყავდა, სევდიანი ამბავი იყო ეს – დედა რომ გარდაეცვალა 5 წლის იყო, ახალგაზრდა ქალი ნაჯახით მოკლეს, მამა კი უსიყვარულობით გახმა. არც და ჰყოლია, არც ძმა, ასე დარჩა ობლად.

რომ არ შეცოდებოდათ ყველაზე ადრე იღვიძებდა, არსებობისთვის საჭირო წყალს იმარაგებდა – ღრმად სუნთქვა, რომ შეძლებოდა ჯერ თავისი, შემდეგ კი სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა. როცა სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყო, მაშინ მიხვდა რატომაც გადარჩა, როცა მისი მშობლები მოკვდნენ.

ამ თვისებების გამო უყვარდათ ფატი მეზობლებს…

ბოლო პერიოდში ჩოჩქოლი და ჭორაობა ატყდა, მეზობლები ჩურჩულებდნენ, რომ გავლენიანი ტიტე ფატის სანახავად დადიოდა, ბევრს მსჯელობდნენ: ზოგი ფიქრობდა, რომ ფატის ბედი გამოუჩნდა და „ობლის კვერი გამოცხვა“, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ „ობლის კვერი ცხვა, ცხვა და ვერ გამოცხვა“. ჩოჩქოლის ეტაპმა როცა გაიარა, ფატის მეზობლები დადუმდნენ. ზოგს ტიტესი შეეშინდა, სხვებიც ტიტემ მოისყიდა.

ფატიმ მოსვენება დაკარგა, მას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, აქამდე მას წასვლაზე არასდროს უფიქრია, ვერც იმას იგებდა, რატომ აქციეს ზურგი ახლობლებმა ან რატომ შურდათ მისი? რატომ უნდოდათ მეზობლებს, რომ ფატის ნაცვლად მათი შვილი ყოფილიყო, მათ ხომ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ფატი მიჰყავდათ, მაგრამ არ იცოდნენ სად? ფატის სწყინდა, მიტოვებულად გრძნობდა თავს. უსიყვარულოდ ყოფნამ შეშალა.

ტიტეს აზრი არავისთვის უკითხავს, არც ფატისთვის…

მივიდოდა მოსაღამოვებულზე და სიყვარულით სავსე თვალებს შეავლებდა;

ტიტემ გრამატიკის წესები არ იცოდა;

ტიტემ არც  ლაპარაკი იცოდა და ფატი ვერ უგებდა მას, მაგრამ გრძნობდა ზრახვებს…

ტიტემ ფიქრის გამოცნობაც არ იცოდა, თორემ მიხვდებოდა, რატომ იყო სასოწარკვეთილი ფატი…

ფატი ავად გახდა, ძალა გამოელია, ნელ-ნელა სუნთქვის, ბრძოლის უნარი დაკარგა.

ფატი მარტო იყო…

ტიტე  არ იყო  მარტო…

ტიტეს ხალხი დღე-ღამე მუშაობდა…

ფატი ზღვით გაიტაცეს…

დუნია-მემლექეთი გამოვიდა ამის სანახავად, ადამიანებმა შუბლზე ხელი მიიჩრდილეს და ისე გაჰყურებდნენ ზღვაზე „მიმავალ“ სევდიან ფატის. ზოგი ქირქილებდა, ზოგი აღტაცებული იყო, ზოგმაც მოიწყინა. ერთი ხანი ფატის მოუნდა, რომ შტორმი ამოვარდნილიყო, მაგრამ შტორმი სხვების სიცოცხლესაც ხომ შეიწირავდა? ფატი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ფატის საკუთარ თავთან ომი ჰქონდა, სინანულს გრძნობდა, რომ ბრძოლაზე უარი თქვა.

ფატი კი არ  მიცურავდა – მიაცურებდნენ. იცოდა, რომ ვერ გაძლებდა სიყვარულისა და სამშობლოს გარეშე…

ტიტე ბედნიერი იყო, სხვებს უკვირდათ – რა არ სმენოდათ ადამიანის და ბუნების, ქალის და კაცის, დედის და შვილის სიყვარულზე, მაგრამ ასეთი არც დასიზმრებიათ…

ახალ სამშობლოში ფატი მხოლოდ ზღვას ხედავდა, მთა ენატრებოდა, მაგრამ შიშით არ ამბობდა…

ტიტე მიხვდა, რომ ფატი კვდებოდა და ფატის სამშობლოდან სხვების გადმოსახლება დაიწყო.

ფატი სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას მიჩვეული იყო, ახლა კი რა გამოდიოდა? მას რომ ეცოცხლა, სხვები რჩებოდნენ სიყვარულის და სამშობლოს გარეშე.

ფატის სამშობლო დაცარიელდა…

ფატის ძველი დიდბუნებოვნობა შემორჩენილი ჰქონდა, მაგრამ არ შეეძლო ტიტეს სიყვარული  და არც თანაგრძნობა.

ამ დარდით ფატი გარდაიცვალა. ტიტეს აკვიატებულ სიყვარულს შეეწირა… უსამშობლო ფატის პანაშვიდი არ გაუმართიათ…

ხალხი დიდხანს ლაპარაკობდა: ფატის მამის ბედი ერგოო.. მამაც გახმა.

ტიტეს ფატის საფლავი რომ არ ენახა, კაცებმა ფატის ცხედარი დაწვეს.

შოთა გუჯაბიძის ფოტო

_______________________________________________

მთავარი ფოტო: ირაკლი ძნელაძე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნათია ზოიძე