ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს

ბათუმის მეჩეთის საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ერთი თვით გადადო. ერთ თვეში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა ხელს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლოს მუსლიმმა თემმა გასული წლის 10 ივნისს მიმართა.

„ბათუმის ახალი მერი მზადაა მოლაპარაკება გამართოს. მოვითხოვთ სხდომის გადადებას,“ – მიმართა სხდომის დასაწყისში მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა, ეთერ გვრიტიშვილმა, მერიის შეთავაზების საპასუხოდ თქვა, რომ მათი ინტერესიც არ არის დავის სასამართლო გზით გადაწყვეტა.

„მთავარია, შედეგზე ორიენტირებული იყოს მოლაპარაკება მერთან და ამის გამო სასამართლო პროცესი ისევ არ გაჭიანურდეს ხელოვნურად,“ – დასძინა იურისტმა.

„პროცესი არ გაჭიანურდება. ეს საქმე უკვე სასამართლოს განრიგშია,“ – ჩაურთო მოსამართლემ. მან მხარეებს ახსნა-განმარტების უფლება მისცა, რაზეც მერიის იურისტმა უარი განაცხადა.

„არა მგონია, ახსნა-განმარტებებმა შეცვალოს შეხედულებები. უმჯობესია მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ,“ – დასძინა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

მოსამართლემ განმარტა, რომ დავის საგანი მშენებლობის პირველი ეტაპია, გასავლელი იქნება შემდეგი ეტაპები და „მხარეების კეთილგანწყობა საჭირო იქნება“.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მუსლიმი თემის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა – მერია ვალდებულია გასცეს ინფორმაცია მართლმადიდებლურ სალოცავებზე, რომლებზეც იმ ზონაში შენდება, სადაც მეჩეთი უნდა აშენებულიყო.

„ეს ინფორმაცია გასული წლის 30 მაისს გამოვითხოვეთ ბათუმის მერიისგან და იგი ამ დრომდე არ მიგვიღია. გვაინტერესებდა ნებართვები, რომლებიც სხვა საკულტო ნაგებობებზეა გაცემული,“- აღნიშნა იურისტმა, ეთერ გვრიტიშვილმა.

მუსლიმი თემი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასაც ითხოვს სასამართლოში.

„თუ გაირკვა, რომ ნებართვა გაცემულია სხვა საკულტო ნაგებობებზე, დისკრიმინაცია იქნება?“- იკითხა მოსამართლემ.

იურისტმა ეთერ გვრიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა მოტივზე, რის გამოც მერიამ ახალი მშენებლობის ნებართვაზე უარი თქვა. მერიის არგუმენტი იყო ის, რომ ახალი მეჩეთი ფუნქციურ, ანუ იგივე საცხოვრებელ ზონაში ვერ აშენდებოდა.

„ჩვენ გვაინტერესებს, როგორია მერიის პრაქტიკა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ. თუ მშენებლობის ნებართვები გაცემულია საცხოვრებელ ზონაში, დავინახავთ დისკრიმინაციულ მიდგომას,“ – თქვა ეთერ გვრიტიშვილმა.

მოსამართლემ მერიის წარმომადგენლისკენ გაიხედა და მიმართა:

„დასაბუთებულია ეს მოთხოვნა და ის უნდა დაკმაყოფილდეს“.

მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ იცავენ.

„იქნებ ჩემს თანაშემწესაც შეატყობინოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები მერთან,“ – თქვა მოსამართლემ, ვიდრე სხდომის დარბაზს დატოვებდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი