სიახლეები

„ტიტანიკი“ დახმარებას ითხოვს

19.02.2010 • 3221
„ტიტანიკი“ დახმარებას ითხოვს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #107-ში მცხოვრებ 28 ოჯახს, როგორც თვითონ ამბობენ, ქალაქის მერმა და ლევან ვარშალომიძემ ბინების დაცლა მოსთხოვეს. ავარიულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ და პრეზიდენტის დახმარების იმედად არიან. ეგრეთ წოდებულ „სახლ-ტიტანიკში“ რამდენიმე ოჯახი წინა ხელისუფლების დროს შესახლდა.

„ტიტანიკს“ ამ სახლს იმიტომ ვეძახით, რომ ჩაძირულია“, – მიხსნის აქ მცხოვრები ჟუჟუნა ლორთქიფანიძე. მისი ოჯახი ამორტიზებულ სახლში იმჟამინდელმა ქალაქის მერმა, გიორგი აბაშიძემ, მას შემდეგ შეასახლა, როცა ლორთქიფანიძეს საკუთარი სახლი ქობულეთში ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის მოვარდნის შედეგად დაეწვა: „მაშინ მთავრობაში წარვადგინე სახლის დაწვის დოკუმენტები და აბაშიძემ აქ შემომასახლა. რა ვიცოდი, ქვეყანა ასე თუ აირეოდა. წინა ხელისუფლებამ რომ შემომასახლა, ამის დამამტკიცებელი არანაირი დოკუმენტი არ გამაჩნია, ახლა ვარშალომიძემ და ქალაქის მერმა მითხრეს, რომ საიდანაც მოვედი, იქ წავიდე“.

იმავეს ამბობს დარიკო აბულაძე, რომლის საცხოვრებელი ბინის კედლები და ჭერი დაბზარულია: „ოთხი შვილი მყავს, ღამით ყველას ტანსაცმლით გვძინავს, ცემენტი ერთნაირად ცვივა ჭერიდან და კედლებიდან. მიწისძვრა რომ იყო, ჩაცმაც ვერ მოვასწარით, ისე ჩავარდით ეზოში“.

როგორც დარიკო ამბობს, წლების წინ ეროზირებული სოფლიდან ჩამოვიდა ოჯახთან ერთად და მას შემდეგ ამ სახლში ცხოვრობს.

ნათელა პაქსაძე „ტიტანიკის“ პირველ სართულზე ცხოვრობს. შესასვლელში შეშის ღუმელი დგას. იქვეა გასაშრობად მიფენილი სარეცხი. სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა პლედით აქვს ერთმანეთისგან გაყოფილი. იქვე ალაგია ფეხსაცმელები, ქოლგა, საწვიმარი, ქურთუკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. კედლები დაბზარული და სველია.

ოთხი შვილის დედა ამბობს, რომ მისი მეუღლე მხოლოდ პურის ფულის შოვნას ახერხებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მასაც მოსთხოვეს თვითნებურად დაკავებული საცხოვრებლის დაცლა: „ქუჩაში გაგვყრიან? წასასვლელი არსად მაქვს“.

აზიზ ფაღავამ ბინა შვილის ავადმყოფობის გამო 12 წლის წინ გაყიდა, მას შემდეგ ლერმონტოვის #107-ში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი მტკიცებით, იგი ოცი წელია იქვე მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობდა. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მას უფლება ჰქონდა ეს ნაკვეთი კერძო საკუთრებაში დაერეგისტრირებინა, მაგრამ ახლა აქ შსს ახალი შენობა დგას. საკუთარი პრობლემების შესახებ მან პრეზიდენტს რამდენჯერმე მიწერა… თუმცა დარწმუნებულია, რომ მის გაგზავნილ წერილებს სააკაშვილს უმალავენ: „პრეზიდენტს ჩვენი პრობლემის შესახებ რომ გაეგო, აუცილებლად მოგვხედავდა“.

სადარბაზოს პირველ სართულზე, კიბის ქვეშ გამავალი კანალიზაციის მილები დახეთქილია და წყლის დიდი გუბე დგას. „ზაფხულში ანტისანიტარიაა, ყიყინებენ ბაყაყები და მწერებით სავსეა აქაურობა“, – ყვებიან აქ შესახლებულები.

„ტიტანიკი“

ამ სახლში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ლევან ვარშალომიძე და ბათუმის მერი – რობერტ ჩხაიძე საგანგებოდ ეწვივნენ და სახლის დაცლა მოსთხოვეს, პარლამენტში და პრეზიდენტის სახელზე გასაგზავნად წერილს ამზადებენ. ეს ოჯახები თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონებას ადგილობრივ მთავრობასაც სთხოვენ.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – გელა მახარაძე ადასტურებს, რომ ლერმონტოვის #107 მცხოვრებლებს ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რამდენჯერმე შეხვდნენ: „ჩვენ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რომელიც არ შესრულდება. ვინც თვითნებურად შესახლდა, ან ვისაც ნაქირავები, ნაგირავები თუ ნაყიდი აქვს იმ ადამიანისგან, ვისაც ასევე თვითნებურად ჰქონდა ფართობი დაკანონებული, არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მერიისგან ბინებს მიიღებენ საჩუქრად. მერია საცხოვრებელ ბინებს აძლევს 32 ოჯახს, იმ ოჯახებს, ვისაც საკუთრების უფლება გააჩნია ლერმონტოვის #107-ში. ისინი ბინებს ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, „ცენტრპოინტის“ მიერ აშენებულ კორპუსში მიიღებენ“.

გელა მახარაძე ამბობს, რომ ლერმონტოვის #107 მცხოვრები 28 ოჯახი 2001 წელს მერიამ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართობებით. „ტიტანიკში“ ბინები ზოგმა გაყიდა, ზოგმა გააქირავა ან დააგირავა, ზოგიც თვითნებურად შესახლდა – ამ ადამიანების არც განცხადებები განიხილება და ვერც ბინებს ვერ მიიღებენ. ლერმონტოვის #107 არ იქცევა სხვადასხვა დროს, სხვდასახვა ადამიანის საკუთრების უფლების მოპოვების საშუალებად“.

გადაბეჭდვის წესი