სიახლეები

პეტრე ზამბახიძე: „არჩილ ხაბაძეს პირდაპირი ეთერის შეეშინდა“

15.09.2015 • 1244
პეტრე ზამბახიძე: „არჩილ ხაბაძეს პირდაპირი ეთერის შეეშინდა“

 

არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის წევრებთან დახურული შეხვედრა გუშინ გამართა. მოგვიანებით კი თქვა, რომ 17 სექტემბერს უმაღლეს საბჭოში მისვლას არ აპირებს.

 

„მე მინდა განვაცხადო, რომ 17 სექტემბერს არ ვაპირებ მისვლას უმაღლეს საბჭოში, რადგანაც მედეა ვასაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია შოუს დადგმა და არ მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მათ მიერ დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლში“.

 

არჩილ ხაბაძის აზრით, ოპოზიციას შეუძლია მაშინ დაუსვას კითხვები, როცა ოქტომბერში 9 თვის ანგარიშს მოამზადებს მთავრობა: „საზოგადოებამ კარგად იცის ის პრობლემები, რაც დასმული იქნება უმაღლესი საბჭოს მიერ და ჩვენ პერმანენტულად ამაზე პასუხებსაც ვცემთ. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ამზადებს 9 თვის შედეგებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება შეჯამება, სადაც მოვიწვევთ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, მედეა ვასაძეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. სწორედ იქ ექნებათ მათ საშუალება და დრო, დაგვისვან შეკითხვები”.

 

არჩილ ხაბაძის ამ განცხადების შემდეგ „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა საჯაროდ დაუსვან ის კითხვები, რასაც 17 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდნენ. მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ განცხადების მიუხედავად მაინც ელოდება უმაღლეს საბჭოში არჩილ ხაბაძეს. „იმედი მაქვს, რეგლამენტს ამჯერად მაინც არ დაარღვევს მთავრობის თავმჯდომარე“, – ამბობს მედეა ვასაძე.

 

„ბათუმელებმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ პეტრე ზამბახიძესაც შესთავაზა მთავრობის თავმჯდომარესთან მისი კითხვები საჯაროდ დასვას. ეს არც მან მოისურვა, რადგან მედეა ვასაძის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ 17 სექტემბერს არჩილ ხაბაძე მივა უმაღლეს საბჭოში მათ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

 

„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს კაცი, რომ დაიცვას კანონი და მოვიდეს უმაღლეს საბჭოში. სამი წელია მას ეს არ გაუკეთებია. მისთვის არის ცუდი სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს თემატიკა, თუ რა საკითხებზე ვაპირებთ მისი პოზიციის მოსმენას – გვაინტერესებს იპოთეკარებთან დაკავშირებით რატომ ვერ მოაგვარეს პრობლემა; მიწის რეფორმა გონიოში რატომ ვერ ჩაატარეს, კორუფციული თემები – სტადიონის მშენებლობის ნაწილში. კიდევ უამრავი სხვა საკითხი. ჩვენ კითხვებს ყველგან დავსვამთ, მათ შორის უფლება მაქვს მივიდე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დავსვა ეს კითხვები, ან ქუჩებში გავაკრათ, მაგრამ მთავარი ის არ არის, თუ რა კითხვები მაქვს მე, მთავარი ის არის, რომ მან საკუთარ თავს, კანონის – რეგლამენტის დარღვევის უფლება არ უნდა მისცეს“.

 

პეტრე ზამბახიძის თქმით, არჩილ ხაბაძეს მას შემდეგ შეეშინდა უმაღლეს საბჭოში მისვლა, როცა მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ ეს სხდომა პირდაპირ ეთერში გადაეცათ. „10 დღის წინ არ იცოდა, რომ შოუს მოწყობას ვგეგმავდი, მაშინ რატომ დათანხმდა მოსვლას. უბრალოდ, საქმე ასეა – პირდაპირი ეთერის ეშინია, რადგან ლაპარაკი არ იცის, ან კიდევ არაფერი აქვს სათქმელი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: