სიახლეები

არჩილ ხაბაძე და დეპუტატები „შინაურულ“ ატმოსფეროში

14.09.2015 • 1391
არჩილ ხაბაძე და დეპუტატები „შინაურულ“ ატმოსფეროში

 

 

ანზორ თხილაიშვილი

 

უმაღლეს საბჭოს წევრის ანზორ თხილაიშვილის თქმით, დეპუტატები არჩილ ხაბაძეს „შინაურ“ გარემოში ესაუბრნენ:

 

„არჩილ ხაბაძის მოწვევის მიზეზი ჩინეთში ვიზიტის დეტალების განხილვა იყო. გარდა ამისა,  ბევრი საკითხები დაგვიგროვდა, როგორც ბიუჯეტთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შინაურულ ატმოსფეროში განვიხილეთ“.

 

ანზორ თხილაიშვილის თქმით, შეხვედრისას იყო საკამათო საკითხები-ერთ-ერთი ასეთი საკითხი საზღვაო აკადემიისთვის გემის შეძენას შეეხებოდა.

 

„მივედით იმ დასკვნამდე, რომ  აკადემიამ უნდა წარმოადგინოს ბიზნეს-პროექტი და ამის შემდეგ განვიხილავთ გემის შესყიდვის საკითხს“, – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.

 

დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო 17 სექტემბრის უმაღლესი საბჭოს სხდომასთან დაკავშირებითაც, სადაც ოპოზიციის წევრები მთავრობის მისვლას ითხოვენ.  „ვთხოვეთ, რომ აუცილებლად დაესწროს სხდომას, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა იყო და 19-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მისი ანგარიშით გამოსვლას. ის თანახმაა, რომ გამოცხადდეს სხდომაზე, რადგან  ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დაეთანხმა“, – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.

 

დავით ბაციკაძე

 

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის  განცხადებით კი, არჩილ ხაბაძე 17 სექტემბრის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

 

„იმ ფარსში და კომედიაში რის დადგმასაც „ნაციონალური მოძრაობა“  აპირებს და როგორც გააკეთა ბიუჯეტის კორექტირების დროს, ამაში მონაწილეობას არ მიიღებს არჩილ ხაბაძე და არც ჩვენ“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ. 

 

დეპუტატი  ამბობს, რომ არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით აუცილებლად წარსდგება, ოღონდ არა 17 სექტემბრის სხდომაზე.

 

„ეს არ მოხდება 17-ში, მაგრამ წელს აუცილებლად წარსდება უმაღლესი საბჭოს წინაშე. ის, რომ უმაღლესი საბჭოს რვა წევრს შეხვდა, იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლეს საბჭოს პატივს სცემს“.

 

დავით ბაციკაძის თქმით, გარდა ამ დეტალებისა, შეხვედრაზე საუბარი იყო სოციალურ საკითხებზეც. „კითხვა დავსვი ხიჭაურის ბინებთან დაკავშირებით, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და არ უკანონებენ ბინებს“.   

 

არაოფიციალური ინფორმაციით, 17 სექტემბრის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხის დაყენებასაც აპირებენ. კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ამ პოსტზე თავიანთი კანდიდატი არ ჰყავთ. 

 

აღნიშნული თანამდებობა დავით ბაციკაძეს ეკავა, თუმცა ის 2015 წლის 20 თებერვალს ოპოზიციამ თანამდებობიდან გადააყენა. მის ადგილზე არჩეული ჯემალ ფუტკარაძე კი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ არალეგიტიმურად ცნო.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: