სიახლეები

სასჯელი ავტომანქანის დაზიანებისთვის

13.09.2015 • 1332
სასჯელი ავტომანქანის დაზიანებისთვის

 

პროკურორმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 320 ლარის ზარალი გამოიწვია. საჯარიმოზე ავტომანქანის გადატანის დროს მანქანის წინა ნაწილი დაზიანდა. მძღოლი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს თანამშრომელი, სწორედ ამის გამო მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

ბრალდებული ადრე კანონთან კონფლიქტში არასოდეს ყოფილა. შემთხვევის შემდეგ პატრულში თავად დარეკა. ჰყავს მეუღლე და ამ სამსახურში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო მუშაობა. ბრალდება, რაც ლევან ბაჯელიძეს აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს, ან ორ წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და ასევე ჯარიმას – მინიმუმ 500 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პაატა დიასამიძე იცავდა, რომელმაც მოსამართლეს სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმის გამოყენება სთხოვა.

 

დაცვის მხარე სადავოდ არ ხდიდა პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული კი აღიარებდა, რომ მან დააზიანა მანქანა. ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და განრიდების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ბევრად უფრო ნაკლებ ზარალს ნახავდა, – ამბობს საიას აჭარის ფილიალის იურისტი. 

 

განრიდებას მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურა უფორმებს ბრალდებულს. სანაცვლოდ ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდის ჯარიმას, მას არ აქვს ნასამართლევის სტატუსი, ასევე დაზარალებულს ზიანს უნაზღაურებს.

 

სასამართლოს განაჩენის შემთხვევაში, დაზარალებულს ზარალი არ აუნაზღაურდება – ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მან სასამართლოს სამოქალაქო წესით უნდა მიმართოს: „ზიანთან შედარებით დაახლოებით ათჯერ მეტი ხარჯი ნახა სახელმწიფომ – სამი სასამართლო ჩატარდა სულ. ბრალდების მხარემ დიდი რესურსი გაწია საქმის არსებითი განხილვით, მაგრამ ამ ადამიანის დასჯით ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო, სახელმწიფომ არასწორი არჩევანი გააკეთა. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დროს განრიდების გაფორმებით, ბრალდებულს, სავარაუდოდ, შეუნარჩუნდებოდა სამსახური. გამამტყუნებელი განაჩენი კი იმის საფუძველია, რომ პირი გაათავისუფლონ საჯარო სამსახურიდან“.

 

პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ზარალი, თუ ის აღემატება 150 ლარს, უკვე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუმცა, ის ლევან ბაჯელიძის საქმეს ადარებს მეხუთედან მეოთხე სართულზე მეზობელთან ჩასულ წყალს: „თუ ონკანი ღია დაგრჩათ და თქვენგან ჩასულმა წყალმა მეზობლის ჭერი დააზიანა, შესაძლოა თქვენც მიეცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“.

 

საიას შეფასებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ლევან ბაჯელიძისთვის ზედმეტად მკაცრი სასჯელია.

 

„თუ არსებობს სასამართლოს განაჩენი, მაშინ ვიფიქრებთ მის [ლევან ბაჯელიძის] გათავისუფლებაზე. ამის გარდა არსებობს კიდევ სხვა ფაქტი, რომლის მოკვლევაც მიმდინარეობს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. დავფიქრდები მის სამომავლო მუშაობაზე. დროის მცირე მონაკვეთში ბევრი ინციდენტი მოხდა ამ თანამშრომელთან მიმართებაში, ერთხელ ჯარიმა მოვიდა გადაჭარბებული სიჩქარის გამო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიგა ჩხეიძე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: