ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე, დოკუმენტი მოამზადა. სააგენტომ შეისწავლა შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარას“ ხულოს ცენტრის და „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში თემურ გაბაიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. თემურ გაბაიძე გასულ წელს კურორტ გოდერძიზე დაშავდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს ხათუნა გელაშვილს, რომელიც დანიშნული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის პოზიციაზე, არ ჰქონდა გავლილი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებისთვის საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი და აღნიშნულ თანამდებობაზე 1 წლის მუშაობის სტაჟი, რის გამოც შპს „ემერჯენსი სერვისის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ:

„პაციენტი გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში (კურორტი „გოდერძი“) დაყოვნდა დაახლოებით სამი საათი. ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად“.

დასკვნაში საუბარია ანესთეზიის დროს დაშვებული შეცდომაზეც, კერძოდ:

„ანესთეზიოლოგის მხრიდან ინდუქციაში შეყვანილ იქნა Sol Fentanili 100mg 1 ამპულა, რაც არის მინიმალურ დოზაზე ნაკლები. …ოპერაციის მსვლელობის პროცესში კი (2 სთ. 20 წთ.) გამოყენებულია 300 მგ 3 ამპულა, რაც არის ძალიან მცირე დოზა. ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში. ყოვლად გაუგებარია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის არსი. ქალა-ტვინის ტრავმის დროს სტეროიდული თერაპია მიზანშეწონილი არ არის.“

რეგულირების სააგენტო ასევე წერს, რომ პოსტოპერაციულ განყოფილებაში საერთოდ არ მიმდინარეობდა ანალგეზია:

„ავადმყოფთან მიმართებაში მატულობს ლეიკოციტები, მიზეზი კი ნაპოვნი არ არის. არ არის გაკონტროლებული ინფექციის მარკერები, არ არის გამოკვლეული თავ-ზურგტვინის სითხე. ავადმყოფს აღენიშნებოდა ცხელება, არ იქნა ჩატარებული ნახველისა და სისხლის ბაქტეროლოგიური კვლევა.

არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია. ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დანიშნულია არაადექვატური სქემით.

არ არის ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და კონსულტირებული არ იყო ეპილეპტოლოგის მიერ…“, – ეს არის ამონარიდები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი დასკვნიდან.

თემურ გაბაიძე, რომელიც აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო, გარდაცვალებამდე „შუახევი ჰესზე“ მუშაობდა. ის გასული წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. 

თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე „ბათუმელებთან“ რეგულირების სააგენტოსგან მიღებული დოკუმენტზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისი შვილი სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმის გამო დაიღუპა.

„ჩემს შვილს შვიდი დღის განმავლობაში გამაყუჩებელს არ უკეთებდნენ. ფაქტობრივად, მკურნალობა არ აქვს ჩატარებული. წარმოიდგინეთ, უბრალო მოტეხილობის დროსაც კი რა ტკივილებს განიცდის ადამიანი, ჩემს შვილს კი თავის ქალა ჰქონდა შენგრეული და ანესთეზია არ გაუკეთეს. ალბათ ოპერაციასაც გრძნობდა… დღეში ასი ზარი მაინც შედიოდა საავადმყოფოში და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილი უყურადღებობის გამო დაიღუპებოდა“.

მისი თქმით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნა საგამოძიებო უწყებას გადასცა. ნაირა დიასამიძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც აპირებს.

„მინდა, რომ სათანადოდ დაისაჯონ, რადგან მომავალში სხვები მაინც არ დაიღუპონ“, – ამბობს ის.

სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

ამავე თემაზე: 

კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com