მთავარი,სიახლეები

„მთავრობის ეკონომიკური გუნდი შრომის ინპექტირებას ეწინააღმდეგება“

16.02.2018 • 2064
„მთავრობის ეკონომიკური გუნდი შრომის ინპექტირებას ეწინააღმდეგება“

რას ასრულებს და რას ვერა საქართველო შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით? – ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „დემოკრატიის სკოლაში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა ისაუბრა.  მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ისეთი შრომითი პირობების შექმნას ავალდებულებს, სადაც შრომითი უფლებების ყველა კომპონენტი იქნება დაცული.

„პირველ რიგში, ეს არის დაშვების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ისეთი ორგანოს შექმნას, რომელსაც უპირობოდ ექნება დასაქმების ადგილზე შეამოწმოს შრომითი პირობები.

მეორე – ევროპული სტანდარტი ითხოვს, რომ შემოწმება არ იყოს მხოლოდ უსაფრთხოების თემით შემოფარგლული და ის უნდა მოიცავდეს შრომის უფლების რეალიზების ხარისხს მთლიანად, რაც გულისხმობს ისეთ დეტალებსაც, როგორიცაა, მაგალითად, შვებულების გაცემის, ბიულეტენის ანაზღაურების საკითხი და ა.შ.“ – განაცხადა შეხვედრაზე ლელა გვიშიანმა.

მისი თქმით, მესამე კომპონენტი, რომელსაც ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს, ისეთი ორგანოს შექმნაა, რომელსაც ექნება რეაგირების ეფექტური  მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც შრომის უსაფრთხოების სამსახური დასაქმების ადგილზე აღმოაჩენს გარკვეული ნორმების დარღვევას, მას უნდა ჰქონდეს  დამსაქმებლის დაჯარიმების, გაფრთხილების და საწარმოს გაჩერების შესაძლებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად.

„საქართველოს შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროში არსებულ ინსპექტირების დეპარტამენტს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი არ გააჩნია.  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ შეამოწმებს დამსაქმებელს წინასწარი შეთანხმების გარეშე. შემოწმების თემა კი მხოლოდ უსაფრთხოებით ამოიწურება, რაც გულისხმობს ზედაპირულ შემოწმებას. მაგალითად: არის თუ არა საევაკუაციო გეგმა, უსაფრთხოა თუ არა ელექტროგაყვანილობა და ა.შ. ის არ იკვლევს შრომითი უსაფრთხოების პროცესს, – მაგალითად იმას, რამდენად არის დაცული დასაქმებულის ჯანმრთელობა, რაც ასევე პრობლემურია,“ – აღნიშნა ლელა გვიშიანმა.

მისივე თქმით, ინსპექტირების დეპარტამენტი ოთხი წელია ამოწმებს დასაქმების ადგილებზე შრომით უსაფრთხოებას, თუმცა  დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა მაინც იზრდება და წინა წლებთან შედარებით 22 პროცენტით არის გაზრდილი გარდაცვალების მაჩვენებელი.

მისი თქმით, დღეს მოქმედი სტანდარტების მიხედვით, დამსაქმებელს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების არათუ შესრულების, წაკითხვის ვალდებულებაც კი არ აქვს, „ინსპექციას კი არ გააჩნია მოქმედების ბერკეტი“.

„როცა დაინახა ევროკავშირმა, რომ არ სრულდება რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები დაკონკრეტდა, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს ისეთი ორგანოს შექმნას, რომელსაც შრომითი უსაფრთხოების ყველა კომპონენტის შემოწმება და რეაგირება დაეკისრება,“ – ამბობს ლელა გვიშიანი.

დისკუსიის მონაწილეები

ლელა გვიშიანმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში შრომითი უსაფრთხოების აღქმა სამ სხვადასხვა თავში გვხვდება, მათ შორის ვაჭრობის თავშიც, რის თანახმადაც ევროკავშირი გვავალდებულებს ისეთი პროდუქცია გავიტანოთ ევროკავშირის ქვეყნებში, რომელიც არ იქნება იაფ მუშახელზე გათვლილი, იქნება ღირსეული შრომის პირობებში შექმნილი, სამართლიანი ანაზღაურებით. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტია, რაც გვაჩვენებს იმას, თუ როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ,“ – განაცხადა ლელა გვიშიანმა.

მისი თქმით, შრომის კანონმდებლობის პროექტის განხილვის დროს სწორედ ეს სამი ფუნდამენტური საკითხი განიხილებოდა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იცავდნენ, ხელისუფლება კი ეწინააღმდეგებოდა.

„ძირითადი წინააღმდეგობა მოდიოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან. ისინი ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღებით ბიზნესი დაზარალდებოდა, თუმცა ბიზნესს არასდროს, არც ერთ პლატფორმაზე არ გაუჟღერებია ამის შესახებ. ეკონომიკური გუნდი კი ვერ ასახელებდა კონკრეტულ არგუმენტებს, თუ რაში გამოიხატებოდა ბიზნესის დაზარალება“.

არასამთავრობოების მხრიდან ასევე იყო მოთხოვნა, რომ შრომითი ინსპექტირება გავრცელებულიყო დასაქმების ყველა სფეროზე, რასაც ასევე არ ეთანხმება ხელისუფლება.

„მე რომ წლების განმავლობაში კომპიუტერთან ვზივარ, ეს შეიძლება გახდეს ჩემი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი წლების შემდეგ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავს შემთხვევებშიც უნდა იყოს დასაქმებულის უფლება დაცული. ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს კი სურთ, რომ კანონის სფერო გავრცელდეს მხოლოდ მომეტებული საშიშროების მქონე, მძიმე და მავნე პირობების მქონე სამუშაოზე, რომელსაც თავად განსაზღვრავს კანონის მიღების შემდეგ მთავრობა,“ – აღნიშნა ლელა გვიშიანმა.

ამ დროისთვის არსებობს მთავრობის მხრიდან მხოლოდ დაპირება, რომ კანონი მინიმუმ 11 სექტორზე გავრცელდება, მათ შორის მშენებლობაზე, მძიმე ინდუსტრიაზე და ა.შ. თუმცა კანონი არ ვრცელდება, მაგალითად, კვების მრეწველობაზე.

ლელა გვიშიანის თქმით, კანონი შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში აქამდე  მაღალ სანქციებს არ ითვალისწინებდა. საჯარიმო სანქცია 50 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმუმი 7 ათასი ლარი იყო, რაც ახალი კანონპროექტის შემთხვევაში გაზრდილია.

__________________________________________

ამავე თემაზე: 

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე 100-დან 50 000 ლარამდეა ჯარიმა – კანონპროექტი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: