„გამჭვირვალობა“: ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმატიულობის შესახებ კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ბათუმის საკრებულოსა და მერიას გამჭვირვალობის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო აკრიტიკებს.

„ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილებები ბათუმის მერიისა და საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ; მიღებული აქტები შესაბამისობაშია მთავრობის N 219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.

თუმცა, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ვებგვერდებზე (www.batumi.ge da www.batumicc.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.

არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ან არასრულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ;

არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები,“  – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ბათუმის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2014 წლის 31 იანვარს მიღებული დადგენილებებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებგვერდებზე.

_______________________________________

ამავე თემაზე: 

სამთავრობო უწყებები, საჯარო ინფორმაციის ვალდებულება და წვდომა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com