სიახლეები

სახალხო დამცველი: შსს ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დაცვას ძალადობისგან

10.09.2015 • 1327
სახალხო დამცველი: შსს ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დაცვას ძალადობისგან

 

 

ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია არასრულწლოვნების ძალადობისგან დაცვის საკითხი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან არ ტარდება ადეკვატური ქმედებები და არ ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძირითად საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, ბავშვების უმეტესობა, თავშესაფარში ცხოვრების პარალელურად, კვლავ აგრძელებს ქუჩაში მოწყალების მიღებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვი იძულებით გაჰყავს თავშესაფრიდან და აიძულებს მას, კვლავ ჩაებას აღნიშნულ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში“, – წერს სახალხო დამცველი შს მინისტრთან გაგზავნილ წერილში.

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის მონიტორინგისა და სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმისწარმოების შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დროულ დაცვას ძალადობისა და უგულებელყოფისგან.
„აღნიშნული უწყება, გარკვეულ შემთხვევებში, არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან. პრობლემურია რეფერირების პროცედურის განხორციელებაც, რაც ართულებს ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებთან მუშაობას და მათ განთავსებას საჭირო მომსახურებებში~.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი