ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

შპს „გთმ გროუპმა“ 5000 კვადრატული მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017].

შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებთან“ თავად ზურაბ პატარაძემ დაადასტურა.

„აჭარა პატარა რეგიონია და ყველა ყველას ნაცნობი ვართ და მეგობრები. რა თქმა უნდა, მე ვიცნობ ბატონ ედნარს, ვიცნობდი მთავრობის თავმჯდომარედ ჩემ დანიშვნამდეც. როცა ის მოღვაწეობდა თურქეთში, მე ვიყავი კონსული სტამბულში, შემდეგ ელჩი და უამრავი ღონისძიება მისი მხარდაჭერითაც გაიმართა. დაწყებული ყმაწვილკაცობიდან, ბევრს ვიცნობ და ბატონი ედნარიც არ არის გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ ყველასთან, ვინც რეგიონისთვის წარმატებულ პროექტს განახორციელებს“, – განმარტა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ „გთმ გროუპმა“ ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტზე 11,65 ლარად შეიძინა, 4 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების პირობით.

ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აჭარის ფინანსთა სამინისტრომ საბანკო გარანტიით დააზღვია, კომპანიამ აიღო ვალდებულება 250 000-ლარიანი საბანკო გარანტიის სამინისტროსთვის წარდგენაზე, რომელსაც 47-თვიანი ვადა ექნება.

კონკრეტულ გარემოში მიწის ნაკვეთის არა აუქციონით, არამედ პირდაპირი წესით გასხვისების გადაწყვეტილებას ზურაბ პატარაძემ „რეგიონის სტრატეგია“ და „სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა:

„რა ინვესტიციების განხორციელებაც დაიწყო იქ, ყველა არის პირდაპირი წესით გაცემული. როცა მე გავხდი მთავრობის თავმჯდომარე, სულ ორი განაცხადი იყო მიზერული საინვესტიციო თანხით. ზუსტად  დიდმა კომპანიებმა აწიეს თამასა და დღეს უკვე ხორციელდება რამდენიმე მილიონი ინვესტიცია მაღალმთიან აჭარაში. ყველა პროექტისთვის მიწის ნაკვეთი გაცემულია პირდაპირი წესით და დამერწმუნეთ, ამან მისცა ბიძგი, რომ დღეს გაჩნდა ინტერესი და ერთ ადგილზე უკვე ორ და სამ კომპანიას შემოაქვს განაცხადი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოცხადდება აუქციონი და წავალთ აუქციონის წესით.“

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, მყიდველმა  ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში შესყიდულ ნაკვეთზე არანაკლებ 13 კოტეჯის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა შეძლოს. მას ნებართვის მისაღებად სამი თვის ვადა მისცეს, მშენებლობის დაწყებიდან 36 თვეში კი ცამეტივე კოტეჯის მშენებლობის დასრულება და მათი ამოქმედება უნდა უზრუნველყოს. ჯამში კომპანიამ არანაკლებ 4 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა პროფილი 30 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს და დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 20 მოქალაქე.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არ შესრულების ან ვადების დარღვევის გამო მყიდველს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საპრივატიზებო საფასურის ერთი პროცენტი დაერიცხება, რაც დღეში 852,50 ლარია.

შპს „გთმ გროუპი“ 2014 წელსაა დაფუძნებული და მისი ასივე პროცენტის მფლობელი ედნარ პაპუნაიშვილია.

2016 წლის აგვისტოში კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ნაკვეთი პირდაპირი წესით „მეტრო ატლას ჯორჯიამაც“ შეისყიდა, 2017 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და კომპანიას პირობები დაუზუსტეს. დაზუსტებული პირობების მიხედვით, კომპანიამ კურორტზე  მიწის სამი ნაკვეთი შეისყიდა, მათ შორის ორი ნაკვეთი ჯამში 6172 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა, ხოლო 4825 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კომპანიას კურორტზე 77 200 ლარად მიჰყიდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება 2017 წლის 11 აგვისტოდან ოცი თვის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 120-ნომერიანი სასტუმროს, კვების ობიექტებისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილის მშენებლობა. ამ ყველაფერში კომპანიამ 12 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომპანიამ აიღო ასევე ამ პროექტში 60 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება [მათი 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს].

ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტით დაჯარიმდება.

კურორტ „გოდერძზე“ საინვესტიციო მიწის ნაკვეთი შეისყიდა შპს „გოლდმაინმაც“, კომპანიამ  2969 კვ.მ-ში 130 000 ლარი გადაიხადა. ამ შემთხვევაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაზღვევისთვის 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მოითხოვა, 39-თვიანი საბანკო გარანტიით.

კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 14 თვის ვადაში არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა უნდა დაასრულოს.

კურორტ გოდერძიზე 3539 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 56 625 ლარად შეისყიდა და ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღო შპს „ნიუ გოდერძიმაც“. კომპანია 2017 წელსაა დაფუძნებული და მას უკრაინის მოქალაქე ოლგა ბაბკო ფლობს. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ოლგა ბაბკო კურორტ გოდერძიზე 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების და, ზოგადად, კურორტისადმი გამოხატული ინტერესის საფუძველზე, უახლოეს 3 წელში კურორტზე ჯამში 200-ზე მეტი მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს გულისხმობს 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილს, მაღალი დონის სამთო-სათხილამურო კურორტს ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსებით (მათ შორის საერთაშორისო ბრენდის ოპერირებით) და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი