მთავარი,სიახლეები

ენმ-ის წევრი პროტესტის ნიშნად 6 მაისის პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებას ითხოვდა

15.02.2018 • 5845
ენმ-ის წევრი პროტესტის ნიშნად 6 მაისის პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებას ითხოვდა

ბათუმში მდებარე 6 მაისის პარკს სახელი გადაერქვა და ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღეს, 15 თებერვალს, მიიღო, რაც  სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პარკს “6 მაისი”  თავის დროზე 2004 წლის მოვლენების აღსანიშნავად ეწოდა – 2004 წლის 6 მაისს ე.წ. აჭარის რევოლუციის შემდეგ, ბათუმი ყოფილმა მმართველმა, ასლან აბაშიძემ დატოვა.

პარკის სახელის გადარქმევას საკრებულოში ენმ-ის წევრები შეეწინააღმდეგნენ.  

„ეს არ არის ნამდვილად უცებ მიღებული გადაწყვეტილება. მე იქ წლების განმავლობაში ვმუშაობდი და შემოდიოდა განცხადებები, სადაც ეწერა, 26 მაისის პარკის ადმინისტრაციას მივმართავო. საზოგადოების უმრავლესობამ ვერ გაითავისა, რომ ეს იყო 6 მაისის პარკი,“ – განაცხადა სხდომაზე ნატალია ზოიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ენმ-ის პროსტესტის საპასუხოდ.

„ეს უსუსური არგუმენტია. სინამდვილეში თქვენ უარს ეუბნებით განახლებას და განვითარებას… აღიარეთ, რომ ბევრს აქვს ნოსტალგიები სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ცენტრალურ პარკს აღიქვამენ?“ – ასე შეეპასუხა ზოიძეს მირდატ ქამადაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

პარკისთვის სახელის შეცვლას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმაც არ დაუჭირა მხარი. რაულ თავართქილაძე მიიჩნევდა, რომ საკითხი საზოგადოებამ უნდა განიხილოს და მხოლოდ „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წერილობითი განცხადება საკრებულომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

საკრებულოს წევრებმა ერთმანეთს აბაშიძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დრო გაახსენეს. საბოლოოდ საკრებულოს წევრმა ენმ-დან ლევან ანთაძემ გამოთქვა ინიციატივა, პარკს ასლან აბაშიძის სახელი ეწოდოს.

„თქვენ სერიოზულად მოითხოვთ ამას, თუ ხუმრობთ?“ – იკითხა სულიკო თებიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ.

„კი, სერიოზულად,“ – დასძინა ლევან ანთაძემ, რომელიც ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, ვინც ამ ვერსიას კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულო ვალდებულია კენჭი უყაროს საკრებულოს ნებისმიერი წევრის ინიციატივას. საკრებულოს დეპუტატი ლევან ანთაძე აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია. იგი ამ თანამდებობაზე 2008-2012 წლებში მუშაობდა.

ბათუმის საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებით, დღეიდან 6 მაისის პარკის სახელწოდება ბათუმის ცენტრალური პარკია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: