აჭარის დასაქმების სააგენტო: ვაკანსიები პოლონეთში ლეგალურ დასაქმებაზე

აჭარის დასაქმების სააგენტო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის [IOM] პროექტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი [6 თვემდე] ლეგალური დასაქმება პოლონეთში.

IOM შერჩეულ კანდიდატებს ეხმარება დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს [სავიზო მოსაკრებელი – 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა – 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი, ასევე თანხა ანგარიშზე] ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი.

პოლონეთში მშენებლის, დამლაგებლის, მლესავის, მეფილე მომპირკეთებლის, კალატოზის, ელექტროტექნიკოსის, მშენებლის დამხმარეს, დურგლის/სახურავის ოსტატისა და დამლაგებლის [ქალი] ვაკანსიაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შედის ინგლისურის, ან რუსულის, ან პოლონური ენის ცოდნა [საუბარი, კითხვა, წერა] ელემენტარულ დონეზე. სათბურში ბოსტნეულის მწარმოებელი მუშის ვაკანსიაზე კი, მხოლოდ რუსული ენის ცოდნაც საკმარისია. გარდა ამისა, ხელოსნებს მოეთხოვებათ სპეციალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი [დიპლომი, სერტიფიკატი] და სამუშაო გამოცდილება [მინიმუმ 1 წელი].

დამლაგებლის ხელფასი თვეში 1800-2500 პოლონური ზლოტია [დაახ. 430-600 ევრო], დურგლის, ელექტროტექნიკოსის, კალატოზის, მეფილე მომპირკეთებლის, მლესავის, მშენებლის დამხმარეს ვაკანსიაზე კი 2500-3500 პოლონური ზლოტია [დაახ. 600 – 800 ევრო] ხელზე ასაღები.

როგორც დამსაქმებლების მიერ გაკეთებულ განაცხადებშია მითითებული, პირობებში გათვალისწინებულია საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვადასხვა ფორმით სამედიცინო დაზღვევა.

დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აჭარის დასაქმების სააგენტოს, ან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის ოფისს.

ამავე თემაზე:

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან