მთავარი,სიახლეები

სტიკერი ტრიბუნაზე – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

15.02.2018 • 2205
სტიკერი ტრიბუნაზე – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე საკრებულოს ოპოზიციამ საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასის 100 ლარით გაზრდა მოითხოვა.

„მოშორდი ტრიბუნას, თქვენ არ გაქვთ მაგის ჩამოხევის უფლება“, – მიმართა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ საკრებულოს აპარატის უფროსს, რაულ ბოლქვაძეს. იგი საუბრის დროს საკრებულოს ტრიბუნაზე მიკრული საპროტესტო სტიკერის მოხსნას ცდილობდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზის ტრიბუნაზე სტიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკრეს. განცხადებაში წერია, რომ 2013 წლიდან დღემდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2700 ლარიდან 4500 ლარამდე გაიზარდა, ბაღის აღმზრდელის ხელფასი კი, ისევ 330 ლარია.

ლევან ანთაძემ საკრებულოს აპარატის უფროსს განცხადების ჩამოხსნის საშუალება არ მისცა.

„არ არის სწორი, როცა საკრებულოს წევრი აპარატის უფროსს ეჭიდავება ტრიბუნასთან,“ – აღნიშნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მიქელაძემ.

„აპარატის უფროსი პოლიტიკური ფიგურა არ არის,“ – თქვა ლევან ანთაძემ.

საბოლოოდ სტიკერი საკრებულოს ტრიბუნიდან ისევ აპარატის უფროსმა ჩამოხსნა, ოღონდ საკრებულოს თავმჯდომარის – სულიკო თებიძის ოფიციალური მითითების შემდეგ.

საკრებულო დღეს 21 საკითხის განხილვას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: