მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ბათუმში 20-მდე ადამიანი მივიდა

ამ წუთებში ბათუმში, მთავრობის სახლთან მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები შრომის პოლიტიკის გამკაცრებას და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 2011- 2017 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1209 ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა. დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევების მიღმა მედიისთვის შეუმჩნეველი რჩება სამუშაო ადგილებზე არსებული მავნე პირობების გამო განვითარებული პროფესიული დავადების შემთხვევები.

აქცია სახელწოდებით 1209 ბათუმის პარალელურად თბილისშიც გაიმართა. აქციის ორგანიზატორი აუდიტორია #115-ია.

აქციის ორგანიზატორების შეფასებით, ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. აქციაზე შეკრებილი ადამიანები სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ:

“აქციის მიზანია ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა. მოგეხსენებათ, ხუთი დღის წინ, თბილისში, მშენებლობიდან 26 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა მშენებარე ობიექტიდან. საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. არც არსებობს რაიმე ორგანო, რომელიც ამას შეამოწმებს სამშენებლო კომპანიებში, მაღაროებში და ა.შ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უწევთ სადაზღვევო კომპანიებთან, საწარმოებთან სასამართლო დავები და ა.შ.

დღევანდელი შეკრებია მიზანი ისიც არის, რომ რეპრეზენტაცია განსაკუთრებით მუშებს უჭირთ, ვინაიდან ეშინიათ სამსახურიდან გათავისუფლების, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. ამიტომ ახალგაზრდები, უფრო უნდა ვიყოთ აქტიურები და აგრესიულები…”- ამბობს აქციის მონაწილე, აქტივისტი, გოჩა სურგულაძე.

შრომითი უფლებების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შექმნისა და მათი აღსრულების მექანიზმების დანერგვის ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებითაც.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან