ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა განათლების სამინისტროს ორი ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლებიც სამინისტრომ დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ინიციატივის მიხედვით, სკოლებს, რომლებსაც არ ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი კონკრეტულ საგანში, შეუძლიათ მოიწვიონ მასწავლებელი და ამ ფორმით შეავსონ დეფიციტი. ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი და ვინ მაძიებელი? ამ თემაზე განმარტება „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტ-კონსულტანტმა, მანანა რატიანმა გააკეთა.

რა შემთხვევაში შეუძლია სკოლას მასწავლებლის მოწვევა და რა კვალიფიკაციის უნდა იყოს მოწვეული მასწავლებელი?

ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო, ბევრ ჯგუფთან გვქონდა შეხვედრა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მასწავლებლის კვალიფიკაცია, მაგრამ დასაქმებული არიან სამეცნიერო ინსტიტუტებში ან სხვა სფეროებში, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სკოლაშიც იმუშაონ,  სკოლას კი მისი დაქირავების უფლება უნდა ჰქონდეს.

მოწვეულ მასწავლებელს არ ევალება მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს და მის შესანარჩუნებლად კრედიტები აგროვოს, რადგან მას შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს ამისთვის დრო. სკოლა კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ მოწვეული მასწავლებელი მათი ბავშვებისთვის კვირაში თუნდაც ორ საათს ჩაატარებს.

რა უნდა ასწავლოს მოწვეულმა მასწავლებელმა, ამას სკოლა განსაზღვრავს? ვინ აუნაზღაურებს მოწვეულ მასწავლებელს შრომას – სკოლა თუ სამინისტრო?

სკოლა საზღვრავს, თავის სასკოლო გეგმაში რა უნდა რომ ასწავლოს. ვინ გადაუხდის ხელფასს მასწავლებელს, თუ ეს ცვლილება განხორციელდა, ამაზე შემდეგ იქნება საუბარი. ფაქტია, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებს არ ექნებათ იმის რესურსი, რომ მასწავლებელი მოიწვიონ, მაღალკონტინგენტიანი სკოლები კი ერთი მასწავლებლის დაქირავებას შეძლებენ.

გარდა მოწვეული პედაგოგისა, მსურველს სკოლაში შესვლა შეუძლია მაძიებლის სტატუსით. ეს რას ნიშნავს?

ჩვენ ვიცით, რომ სკოლაში შესვლა ახალგაზრდა კადრებისთვის საკმაოდ რთული პროცესია, მიუხედავად მათი დამსახურებებისა. ამის გამო ბევრი ადამიანი გამოთქვამს წუხილს.

ეს ინიციატივა, ვფიქრობთ, რომ კარგად იმუშავებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც თავის დროზე არ გააკეთეს არჩევანი მასწავლებლობისათვის, მაგრამ დაამთავრეს, ვთქვათ, ქიმიის, ფიზიკის ფაკულტეტი, შეუძლიათ მაძიებლის სტატუსით შევიდნენ  სკოლაში და ამის შემდეგ  გაიმყარონ მასწავლებლის კომპეტენციები.

თუ ადამიანს არ აქვს მასწავლებლის სტატუსი, მაგრამ აქვს სამეცნიერო ხარისხი,  ამ შემთხვევაშიც აუცილებელია 60- კრედიტიანი პროგრამის გავლა, თუ ეს ხარისხი მათ ჩაეთვლებათ კვალიფიკაციაში?

თუ პირს აქვს დოქტორის ხარისხი, მას უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობა შეუძლია. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას უნდა მისდიოს.

მაძიებლობის პროგრამა ახალია, თუ აქამდეც არსებობდა?

ადრე სხვაგვარი პროგრამა იყო, მაძიებლები შედიოდნენ  სკოლებში, ესწრებოდნენ  გაკვეთილებს, მაგრამ ვერ საქმდებოდნენ პედაგოგად. ამ ინიციატივის შემთხვევაში, მაძიებელს შეუძლია მუშაობის დაწყება და შემდეგ პროფესიული განვითარება.

მაძიებლობის პროგრამის დეტალები ჯერ გაწერილი არ არის, მაგრამ კონცეფცია არსებობს და ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ამაზე მუშაობაც დაიწყება.

რატომ გახდა ამ ინიციატივის წარდგენა აუცილებელი?

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვინდა ამით მაღალი კვალიფიკაციის კადრები მოვიზიდოთ, სკოლები დავაინტერესოთ და პროფესიის პრესტიჟი გავზარდოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სიახლეებთან ერთად მეცნიერებასთანაც ჰქონდეთ შეხება.

მაძიებლის შემთხვევაში ეს მიმართულია იქეთკენ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლებს სკოლაში შესვლის მოტივაცია არ დავუკარგოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დროული ინიციატივაა.

მთიან რეგიონებში დიდი დეფიციტია მასწავლებლების, სკოლებს სერიოზული პრობლემა აქვთ, რადგან ისინი ვერ დაელოდებიან როდის დაასრულებს ადამიანი 60-კრედიტიან პროგრამას, ამიტომ ეს ინიციატივა მათთვის ძალიან გამოსადეგი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com