ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო ოჯახს ასახლებენ

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები 38 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინებით. შეთანხმება ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული მხოლოდ გურამ მამულაძის ხუთსულიან ოჯახთან. გასული წლის ივნისში მერიამ მამულაძის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენა – ან აირჩევდა მერიის შეთავაზებული სამი ბინიდან ერთ-ერთს და დათმობდა ბოტანიკურ ბაღში მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებას, ან მერია ამ ქონებას იძულებით დაატოვებინებდა.

მერიის ინფორმაციით, ქონება, რომელსაც მამულაძე ფლობს ბოტანიკურ ბაღში, ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია. მერიამ მამულაძისგან თანხმობა ქონების დათმობაზე  მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. შესაბამისად, მერია გურამ მამულაძეს საკუთრებაში გადასცემს ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე N1-ში მდებარე კორპუსში არსებულ 125 კვ/მ ფართობის ბინას და ამასთან, სარემონტო თანხას, ჯამში 31 250 ლარს.

აღნიშნულ საკითხზე, ხვალ, 15 თებერვალს, ბათუმის საკრებულო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი„ქართუ“ ატარებს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია „ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გამოთავისუფლება ამორტიზირებული შენობა-ნაგებობებისაგან, რაც დადებით გავლენას მოახდენს ბაღის, როგორც ეკონომიკური, ასევე რეკრეაციული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და შესაბამისად, გაიზრდება ბოტანიკური ბაღის შემოსავლები“.

ამავე თემაზე:

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებით მერია დააკმაყოფილებს

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com