მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა შსს-მ მოიგო

14.02.2018 • 2810
ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა შსს-მ მოიგო

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოიგო. ეს უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის სტადიონის“ წინააღმდეგ დავობდა.

დავის საგანი საევაკუაციო გეგმა გახდა, რომელიც სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციისთვის 2016 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოამზადა. მომსახურების თანხა – 6376 ლარი შპს „ბათუმის სტადიონმა“ შსს-ს უწყებას ოთხი თვის დაგვიანებით გადაურიცხა. შსს-მ შპს „ბათუმის სტადიონისთვის“ პირგასამტეხლოს – დაახლოებით 1500 ლარის დაკისრება მოითხოვა სასამართლოში.

„თანხის გადარიცხვა შეყოვნდა ტექნიკური შეფერხების გამო. კონკრეტული მიზეზი არ ვიცი. პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და მისი გადახდა დაგვაკისრა,“ – ამბობს გოჩა გაბრუშიძე, შპს „ბათუმის სტადიონის“ იურისტი.

შპს „ბათუმის სტადიონი“ ამჯერად დაუსწრებლად მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და ძალაში წინა გადაწყვეტილება დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „ბათუმის სტადიონმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირგასამტეხლო უნდა გადაუხადოს.

„ბათუმის სტადიონის“ იურისტის თქმით, წინა გადაწყვეტილების გაუქმება აწყობდათ იმისთვის, რომ „შესაძლებელი იყო, მორიგებით დასრულებულიყო საქმე“.

გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შპს „ბათუმის სტადიონი“, ჯერ უცნობია. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს დასაბუთება მხარეებისთვის ჯერ არ გაუგზავნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: