მძღოლების ნახევარს მართვის მოწმობა არ შეუცვლია – ბოლო ვადა პირველი აპრილია

ავტომანქანების მძღოლებმა, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული, მოწმობები 2018 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეცვალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 73 ათასამდე პირმა შეცვალა მართვის მოწმობა.

2006 წლის პირველ აპრილამდე ქვეყანაში სულ 130 ათასამდე მართვის მოწმობაა გაცემული. სტატისტიკის მიხედვით, მძღოლების ნახევარს მოწმობები არ შეუცვლია.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში 14 თებერვლის მდგომარეობით 5 400-მდე მძღოლმა შეცვალა მართვის მოწმობა. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მძღოლებს, დროულად გამოცვალონ მართვის მოწმობები, რადგან პირველი აპრილის შემდეგ ძველი მართვის მოწმობებით სარგებლობა მიიჩნევა მართვის მოწმობის არქონად და მძღოლები დაჯარიმდებიან.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია. მოწმობის შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოთ: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. ახალი მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი