მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი – ცვლილება ბათუმის განაშენიანების წესში

ბათუმის საკრებულო განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ამის თაობაზე ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე – „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონების მიზნით.

კიდევ ერთი დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც 15 თებერვალს საკრებულომ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, ცვლილება შედის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის  50-ე დადგენილებაში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ.

ცვლილების მიხედვით, დადგენილებას დაემატება გ – პუნქტი ამ ჩანაწერით: „მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე – 12 მეტრი“. დადგენილებაში ნათქვამია ისიც, რომ ცვლილება გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

პროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლის შემცირება 15-მეტრიდან 12-მეტრომდე ხელს შეუწყობს ძველი ბათუმის ტერიტორიის განაშენიანების პროცესების უკეთესი მიმართულებით განვითარებას.

ძველ ბათუმში, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ისტორიული ერთი ან ორსართულიანი სახლების ნაცვლად მაღლივი კორპუსების მშენებლობა ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რასაც ხშირად უშედეგოდ ეწინააღმდეგებიან ძეგლების დამცველები.

კონკრეტულ ზონებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს დადგენილზე მეტად ბათუმის მერია ხშირად ზრდიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით და მის გარეშეც.

აჭარის მთავრობის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დანიშვნიდან დღემდე ზურაბ პატარაძემ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე მერიაში 62 კომპანიას უშუამდგომლა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი