რატომ უჭირთ ურთიერთობა სკოლასა და მშობელს

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაა მშობლების მეშვეობით. როგორ გეგმავს მშობლების აქტიურობის გაზრდას და მათი მოტივაციის ამაღლებას ორგანიზაცია? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“  ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თაია მახარაშვილი საუბრობს.

ხშირად გვესმის, რომ მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მიზერულია და მშობლების უმეტესობა, ფაქტობრივად, არ ინტერესდება რა ხდება მათი შვილების სკოლაში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მშობლების დამოკიდებულების შეცვლას და როგორ?

„მშობლები განათლებისთვის“ თვეზე მეტია რაც შეიქმნა და მთავარი ამოცანა სწორედ  სასკოლო პროცესებში მშობლების ჩართულობის გაზრდაა. ვიცით, რომ ეს დღეს ძალიან პრობლემურია და წლებია ვერ მოხერხდა მშობლების აქტიურად ჩართვა განათლების სისტემაში. ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა ცალმხრივია და მხოლოდ მშობლები არიან ამ პასიურობის მიზეზი ან პირიქით, მხოლოდ სკოლიდან მოდის პრობლემები.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არიან აქტიური მშობლები, რომლებიც ცდილობენ სკოლასთან კომუნიკაციას, მათი შვილების საჭიროებებზე საუბარს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ვერ იღებენ შესაბამის რეაგირებას და გვაქვს მეორე მოცემულობა, როცა სკოლა ცდილობს მშობელთან კომუნიკაციას, მაგრამ მშობელი არ იჩენს ინტერესს.

რატომ ვერ დგება კომუნიკაცია, არ არის ამის მიზეზი?

ვფიქრობ, მიზეზი კომუნიკაციის არასწორი ფორმების შერჩევაშია. არასწორ ფორმაში ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ ხშირად მშობელს ჰგონია, რომ აქტიურობა მაინც და მაინც სკოლის მიმართ მუდმივ პრეტენზიებში უნდა გამოიხატებოდეს, ან ზოგჯერ მასწავლებლის მხრიდან არსებობს დამოკიდებულება, – „მე მშობელმა რა უნდა მასწავლოს“. სწორედ ეს იწვევს ურთიერთობების მოშლას.

კომუნიკაცია ჯანსაღი რომ იყოს, სწორედ ამიტომ არის საჭირო, მშობლები იცნობდნენ თავიანთ უფლებებს და მოვალეობებს შვილების განათლების პროცესში და გაერკვნენ, თუ რაში მდგომარეობს მათი ჩართულობა.

რა არ იციან მშობლებმა?

ბევრი რამ. თუნდაც ის, როგორ აფასებენ მოსწავლს დაწყებით საფეხურზე. მაგალითად, ამ საფეხურზე მოსწავლეს ნიშნებით არ აფასებენ – მასწავლებელი მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას აკეთებს. მშობლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა წერია, ვთქვათ, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და ა.შ.

სკოლის ადმინისტრაციამ და მშობელმა კი არ უნდა იდავოს, ვთქვათ, ეკუთვნის თუ არა ბავშვს ესა თუ ის ნიშანი, არამედ იმაზე უნდა იყოს მსჯელობა, რამდენად შეესაბამება ბავშვის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. ორივე მხარე უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პრობლემა იყოს მინიმუმადე დაყვანილი.

სკოლებში არსებობს სამეურვეო საბჭოები, თუმცა ამ საბჭოებში მშობლების როლი უფრო ხშირად  დირექტორების მხარდაჭერაში გამოიხატება და არა, ვთქვათ, კონტროლში ან თანამშრომლობაში. რა აჩენს მშობლის ინტერესს?

მშობლის ინტერესი, ბუნებრივია, უნდა იყოს ის, რამდენად კარგად სწავლობს მისი შვილი, რამდენად სწორად იღებს განათლებას და რას აკეთებს სკოლა ამისთვის. რა უნდა იყოს მშობლისთვის იმაზე დიდი მოტივაცია და ინტერესი, რომ მის შვილს უკეთესი მომავალი ჰქონდეს?!

იმიტომ ხომ არა, რომ დღეს მშობლები შვილების უკეთეს მომავალს რეპეტიტორს უკავშირებენ და არა სკოლას? ხშირად მშობელს არ აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი სკოლაში იმას იღებს, რაც მის მომავალს სჭირდება და რატომ უნდა დახარჯოს მან ასეთ სკოლასთან ურთიერთობაში დრო? 

გეთანხმებით. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა სწორედ განათლების მართვაში მშობელთა მონაწილეობის ხელშეწყობა და განათლების პოლიტიკაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების ადვოკატირებაა. სისტემაში უნდა გავაძლიეროთ მშობლის როლი, რომ მშობელი მარტო სკოლას კი არ სთხოვდეს იმას, რასაც სკოლა ისედაც უნდა ასრულებდეს, არამედ, სახელმწიფოს, განათლების მთლიან სისტემას უნდა მოსთხოვოს, რომ ხვალ აღარ მოუწიოს შვილის რეპეტიტორთან წაყვანა და დამატებითი ხარჯების გაღება.

რას ისწავლიან მშობლები ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობით?

ჩვენი მიზანია, მშობლებსა და სკოლებს შორის შედგეს სწორი თანამშრომლობა. თუ ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივით მივუდგებით და მშობლის ინტერესი არ იქნება მხოლოდ ის, რომ დღეს მისმა შვილმა ჩააბაროს გამოცდა. თუ მხოლოდ ასეთი მოკლევადიანი მიზანი გვექნება, მაშინ ჩვენ არა მარტო ჩვენს შვილებს დავუკარგავთ პერსპექტივებს, არამედ მომდევნო თაობებსაც. ამიტომ, გვინდა გავაერთიანოთ მოტივირებული და აქტიური მშობლები, რომ ისინი გახდნენ ჩვენი მხარდამჭერები და ერთად შევძლოთ ხმის მიწვდენა განათლების პოლიტიკის შემქნელებისთვის.

რამდენმა მშობელმა გამოხატა ამ დროისთვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ინტერესი და როგორ მოხდება კოორდინაცია,  მაგალითად, რეგიონებში მცხოვრებ მშობლებთან?

ამ დროისთვის დაახლოებით 130-მა მშობელმა გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. დიდი ხანი არ არის, რაც ვარსებობთ, ამიტომ არც ისე ცოტაა ეს რიცხვი. რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი თითოეული მშობლის  მოტივაციაა.

რაც შეეხება რეგიონებთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში არ უნდა იყოს რთული კომუნიკაცია და ჩართულობა, მთავარია მზაობა. ჩვენ უკვე მოგვმართავენ, გვწერენ მშობლები სოციალური ქსელის მეშვეობით და ვეხმარებით თავიანთი შვილების ინტერესების დაცვაში, ვუწევთ კონსულტაციას. ახლო მომავალში კიდევ  ბევრ საკითხზე ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას.

მთავარი ფოტოზე: თაია მახარაშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com