მთავარი,სიახლეები

ბათუმის N6 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – აშენდება თუ არა ახალი კორპუსი

14.02.2018 • 5208
ბათუმის N6 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – აშენდება თუ არა ახალი კორპუსი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის N6 საჯარო სკოლის არსებული შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. შენობის რეაბილიტაციისთვის და ეზოში მრავალპროფილიანი სპორტული მოედნის მოსაწყობად სამინისტრო მაქსიმუმ 610 769 ლარს დახარჯავს. N6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის აშენებაც იგეგმებოდა, რომელიც დაახლოებით 200-300 მოსწავლეზე იქნებოდა გათვლილი, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის მშენებლობა სხვადასხვა პროექტია და ერთი მეორეს არ გამორიცხავს. „N6 საჯარო სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობის დეტალები, მათ შორის რა თანხა დასჭირდება მშენებლობას, ზუსტდება. მშენებლობაზე ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება,“ – განაცხადეს სამინისტროში.

N6 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2018 წლის 2 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება.

გასული წლის დეკემბერში აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებდა დამატებითი კორპუსის აშენებას ბათუმის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. ამავე პროგრამით უნდა შეესყიდათ შენობის პროექტი მე-15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. ამ პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 2018 წელს 8 მილიონითაა განსაზღვრული.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსისა და ძველის რეაბილიტაციის პროექტი შპს „აჭარკაპმშენს“ 15 ათას ლარად უნდა მოემზადებინა. ახალი კორპუსი, როგორც სკოლის დირექციაში გვითხრეს, არსებულის წინ აშენდება, ძველი კორპუსის უკან კი, სტადიონი გაკეთდება.

ბათუმის N6 საჯარო სკოლის გენგეგმა / მარცხნიდან: სტადიონი, სკოლის შენობა და ეზო, სადაც ახალი კორპუსი უნდა აშენდეს.

აჭარის მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ „განიხილება ბათუმის N14 სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსის მშენებლობის საკითხიც.  რაც შეეხება თამარის დასახლებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, რომელმაც უნდა განახორციელოს N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სამინისტრო შეისყიდის ამავე სკოლის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. შესაძლებელია კომპლექსი მოიცავდეს საკლასო ოთახებსაც და სხვა დანიშნულების სათავსოებს, რაც გადაწყდება პროექტირების დროს“.

ამავე თემაზე:

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: