გენდერული საბჭოს წევრი: უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას

„ტრადიციულად მამაკაცი მაინც მამაკაცია,“ – გვითხრა არჩილ მამულაძემ, ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა. არჩილ მამულაძე ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით, თუ როგორ წარმოუდგენია ამ საბჭოს მუშაობა და გენდერული ბალანსის დაცვა ბათუმის მთავრობის შემთხვევაში.

ბატონო არჩილ, თქვენი აზრით, რა უნდა აკეთოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, რა პრობლემა უნდა გადაჭრას? 

გენდერული თანასწორობის საბჭო იყო წინა წლებშიც. როდესაც მე მთხოვეს წევრობა, თანხმობა განვაცხადე. ვფიქრობ, როცა ხარ საკრებულოს წევრი, უნდა ჩაერთო ყველა სამუშაოში, რაც არის მიმართული ადამიანების საკეთილდღეოდ, უნდა გამოხატო შენი აზრი, რა თქმა უნდა, დახმარების კუთხით, თორემ ისე ქვეყანა ვერ აშენდებდა. ჩვენ გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა და დავამტკიცეთ სამოქმედო გეგმა. აქ არის თავებად დაყოფილი, უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა, გენდერული უთანასწორობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება… გუშინ გადავინაწილეთ დავალებები.

თქვენ რა დავალება მოგიწიათ?

ჩემი სურვილია, რომ საბჭოს მუშაობა განვრცობილი იყოს ფართოდ, მისი ცნობადობა გაიზარდოს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან, რომ ამან უფრო საინტერესო სახე მიიღოს. გენდერული ბალანსი შეიძლება დაირღვეს ოჯახში, საზოგადოებაში, წარმოება-დაწესებულებაში და პოლიტიკურ სფეროშიც. ვინაიდან ეს საბჭო არსებობს, მან მყისიერი ქმედება უნდა განახორციელოს უფლებების დარღვევის დროს, მაგალითად, წარმოება-დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ქალს დასაქმებაზე უარი უთხრან იმიტომ, რომ ის ქალია. მე არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელმძღვანელი ვიყავი და იქ უმრავლესობა დასაქმებული იყვნენ ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალებს აქვთ კარგი მენეჯერული უნარები, მართონ ესა თუ ის პოზიცია.

რას გააკეთებს საბჭო, თუკი მოქალაქე კონკრეტული პრობლემით მოგმართავთ? 

მედიაციის ინსტიტუტი შემოვიდა. ჩვენ ადამიანებთან უნდა გავმართოთ კონსულტაციები. შეიძლება არ ღირდეს დაპირისპირება და მარტივად გამოსწორდეს. ჩვენი საუბრით და ჩვენი მითითებებით ვგეგმავთ, რომ ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ მივწერთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მივიღოთ მონაწილეობა დაკითხვის პროცესში ეს იქნება ოჯახში ძალადობის შემთხვევა, თუ სხვა მხრივ შევიწროება…

რატომ უნდა დაესწროს საბჭოს წევრი დაკითხვის პროცესს?

იქ რომ რამე უზუსტობა არ მოხდეს. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ დაკითხვის დროს მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ხარვეზებზე არაერთხელ იყო საუბარი. როცა ჩვენ იქ დავესწრებით, ბევრი კითხვა მოიხსნება და ჩვენზეც გადმოვა პასუხისმგებლობა… სასამართლოშიც, მაგალითად, ახლა სოციალურმა სააგენტომ უნდა დადოს დასკვნა, განქორწინების დროს ვისთან დარჩეს შვილი. ამ შემთხვევაშიც საინტერესო იქნება ჩვენი ჩართულობა.

რას იტყვით, მაგალითად, თქვენ, ბავშვი დედასთან უნდა იყოს, თუ მამასთან? 

თუკი ბავშვი მცირეწლოვანია, აუცილებლად დედასთან უნდა იყოს… პრაქტიკულად, მამა იმას ვერ გააკეთებს, რასაც დედა. ეს იმდენ ატრიბუტიკაზეა დამოკიდებული. მე ყველა ატრიბუტს ვითვალისწინებ.

რა ატრიბუტს გულისხმობთ? 

მაგალითად, ბავშვის გასუფთავება, ამას ხომ მამა ვერ გააკეთებს?

რატომ ვერ გააკეთებს? 

არა მგონია, მასეთი მამაკაცი სადმე იყოს. მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა.

რა განსხვავებაა, თქვენი აზრით, სოციალური კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის? 

განსხვავება არსებობს ძალიან ბევრი. ისეთ დატვირთვას ხომ ვერ შეასრულებს ქალი, როგორც მამაკაცი, მაგალითად, ყანაში?

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალი მუშაობს ყანაში.

კი, მუშაობს, მაგრამ იმ სიმძიმის ტვირთს ვერ აწევს ქალი, რასაც მამაკაცი. რატომ არის, რომ როცა ორივე მუშაობს ერთად, დატვირთვა სხვა აქვს ქალს და მამაკაცს. სპორტშიც ასეა: იმ სიმძიმეს ვერ აწევს სპორტსმენი ქალი, რასაც სპორტსმენი მამაკაცი.

ეთანხმებით შეხედულებას, რომ მამაკაცი დომინანტი უნდა იყოს? 

კი, ქართული ტრადიციები საერთოდ უნიკალურია. გასაკვირია, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ტრადიცია რომ არის თავმოყრილი… ქართული ტრადიციაა, მაგალითად, რომ პირველი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის. კი ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება, სიბრიყვე თქვას, ამიტომ ქალსაც უნდა მოვუსმინოთ. ის სიტყვა უნდა ჭრიდეს, რომელიც ოჯახისთვის იქნება გამოსადეგი. საერთოდ, ოჯახის უფროსი კაცი უნდა იყოს. შესაძლოა, ორივემ გამოთქვას აზრი. არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც ერთ ადამიანს პირველი სიტყვა არ მიეცეს. ეს ტრადიცია არის ოჯახში და სხვაგანაც. შეიძლება ქალი იყოს მოთავე და მამაკაცი შემსრულებელი, ასეც შეიძლება. მაგრამ უმჯობესია პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას.

ამგვარი შეხედულებებით არ ფიქრობთ, რომ აძლიერებთ აგრესიას ქალებზე და მამაკაცის სოციალურ უპირატესობას ხელს უწყობთ, რომელიც შემდეგ არაერთი დანაშაულის საფუძველი ხდება? 

რას ამბობთ, მე მუდმივად ვამბობ, რომ გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული. მე ის არ მითქვამს, რომ ქალს არ უნდა მოუსმინო და თუ ქალმა უკეთესი სიტყვა თქვა, ის უნდა იქნას ჩაქოლილი. მე იმას ვამბობ, რომ ტრადიციულად მამაკაცი მაინც მამაკაცია და მე ამ ტრადიციას ვემხრობი. მამაკაცის სიტყვა არ ნიშნავს დოგმას…

თქვენი პარტია – „პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად აპელირებს ტრადიციებზე. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს ისეთი ტრადიციები, რაც გენდერული ბალანსის მიღწევას ეწინააღმდეგება? 

ჩვენი პარტია არის ტრადიციების მიმდევარი და არ გვინდა, ტრადიციები მოიშალოს. ქართული ტრადიციები არსად არ ამბობს, რომ ქალი ოჯახს უნდა მიეჯაჭვოს და „კუხნაში“ იყოს გამოკეტილი. ასეთი ტრადიცია, არა მგონია, გვქონდეს რომელიმე…

მაგალითად, უმრავლესობა მემკვიდრეობას უტოვებს ვაჟს და არა გოგოს. 

შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ ვაჟიშვილს დაუტოვოს, მაგრამ ამას ასე არ განსაზღვრავს. ადრე ბიჭი რომ დაებადებოდათ, უხაროდათ, გოგო – არა. როგორ შეიძლება შვილი სქესის მიხედვით განასხვავო… ეს იყო სისულელე, ღმერთის წინაშე არ იქნები მართალი. ნუ, რა ვქნათ, ადრე ხდებოდა ასე.

დღეს აღარ ხდება? 

დღეს არა მგონია მსგავსი შემთხვევა სადმე იყოს. მე ამას ვგმობ სასტიკად.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი