მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

13.02.2018 • 3438
ქედის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირად სარგებლობაში არსებული ავტომობილებისთვის გამოუყოფს.

საწვავის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 13 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, ცხრა რწმუნებულისთვის საწვავის შესაძენად წლის ბოლომდე სულ 13 200 ლარია გამოყოფილი.

„სოფლებში თემის რწმუნებულების მუშაობა ეფექტურად რომ წარიმართოს, საავტომობილო გადაადგილებისთვის საწვავის შესაძენად, ბიუჯეტიდან 13 200 ლარი გამოიყო. ამ თანხით საწვავს შევისყიდით და თითოეულ რწმუნებულს წინასწარ განსაზღვრული საწვავის ლიმიტი გადაეცემა. ვფიქრობთ, საწვავი რწმუნებულებისთვის მარტის თვიდან გაიცემა.

კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს პირად სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე მხოლოდ საწვავის მომსახურებაზე,“ – ამბობს შუქრი თურმანიძე.

ჯერ დაზუსტებული არ არის რა ოდენობის საწვავის ლიმიტს მიიღებს თითოეული რწმუნებული. ქედის მერიაში ამბობენ, რომ ლიმიტის ოდენობა თვეში მაქსიმუმ 100 ლიტრი იქნება.

ქედაში სულ ცხრა ადმინისტრაციული თემია.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/111787/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: