ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა

სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007“ ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე, #17/19-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი ცხრა სართულის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა შესაძლოა ის სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს.

პროექტის დადგენილზე მეტად სიმაღლეში გაზრდაზე [კ2 კოეფიციენტი] კომპანიას ბათუმის მერიასთან ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა.

ბათუმის მერისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის ასაშენებლად ერთი და ორსართულიანი ამორტიზებული ბარაკული ტიპის სახლები აითვისა და აქ მცხოვრებთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება აიღო.

„მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, რაც ხელს უწყობს უბნის შემდგომ განვითარებას, ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული, სოციალური და ქალაქმშენებლობითი ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილში. ზურაბ პატარაძემ კომპანიას კ2 კოეფიციენტის 9,6-ზე გაზრდაზე უშუამდგომლა, რაც 12 სართულს გულისხმობს.

შპს „ბათმშენი 2007“-ის მესაკუთრე გოჩა ირემაძეა. კომპანია 2004 წელსაა დაფუძნებული.

გოჩა ირემაძე, ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სასტუმრო „ირე პალასის“ გახსნაზე. ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსის აშენებას გოჩა ირემაძე გეგმავს.

ყაზბეგის ქუჩა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქუჩაა, სადაც ამ დრომდე ძველი ერთსართულიანი სახლები იყო შენარჩუნებული. ამ ქუჩის #8-ში ისტორიულ სახლში ფუნქციონირებს კაფე „დელირია“, რომელიც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ძველი ბათუმის არქიტექტურის გადარჩენასთან დაკავშირებით საუბრისას ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად დაასახელა.

ყაზბეგის #17/19-ში მიმდინარე მშენებლობის გვერდით, ყაზბეგის 15/13-ში, სამსართულიან, ძველ სახლზე, დაშენების სამუშაოებს ატარებს შპს „ველი ტური“, მას მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 27 დეკემბერს მიუღია, მშენებლობის დასრულების ვადად კი 2018 წლის ოქტომბერი განუსაზღვრავთ. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით,  რეკონსტრუქციის პროექტი სამსართულიან სახლზე ორი სართულისა და მანსარდის დამატებას ითვალისწინებს.

ყაზბეგის ქუჩა, #13/15.

მშენებლობის მოპირდაპირედ კი, ყაზბეგის #12/14-ში, ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს სამშენებლო კომპანია „ბათუმი ჰაუსი“. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერიასთან ამ კომპანიასაც უშუამდგომლა.

ზურაბ პატარაძე შუამდგომლობის წერილში წერს, რომ კომპანია ყაზბეგის #12/14-ში ახალ პროექტს იქ მდებარე  ამორტიზებული სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს და ამასთან დაკავშირებით იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან  მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე ორი ოჯახის წარმომადგენლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთან ინვესტორი მოსალაპარაკებლად იყო, თუმცა ჯერ არ შეთანხმებულან. ყაზბეგის #12/14-ში ე.წ. იტალიურ ეზოში 14 ოჯახი ცხოვრობს. ზურაბ პატარაძის შუამდგომლობის წერილში ნათქვამია, რომ ამ ადგილზე კომპანია 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

ყაზბეგის ქუჩა # 12/14.

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტია დაგეგმილი ყაზბეგისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [გორგასლის #80/82-ში]. ამ მისამართზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომპანია „ჯეობილდინგ +“ – ს უშუამდგომლა.

გორგასლის ქუჩა#82, ახალი პროექტი ამ სახლის დემონტაჟს ითვალისწინებს.

გორგასლის ქუჩა #82. ამ ჭიშკრის მიღმა კრამიტით გადახურული ერთსართულიანი სახლია, რომელსაც ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დანგრევა ემუქრება. ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა.

შუამდგომლობის წერილის მიხედვით, კომპანია ამ შემთხვევაშიც ახალ მშენებლობას ძველი, ორსართულიანი სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ ეს სახლები ამორტიზებული და უსახურია.

ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, საპროექტო შენობა აკმაყოფილებს ქუჩის განაშენიანების სტანდარტებს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო შენობის სიმაღლე, საინვესტიციო ობიექტის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე შენობების სიმაღლეს, რათა დაცული იყოს კვარტალის ვერტიკალური ნიშნული.

აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სიმაღლეში გასაზრდელი შენობების რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს – ზურაბ პატარაძის მიერ გაცემული შუამდგომლობების სტატისტიკა ბოლო პერიოდში იზრდება. მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნიდან შვიდ თვეში [2017 წლის თებერვლამდე] ზურაბ პატარაძემ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე კი, ეს რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი