მთავარი,სიახლეები

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი – 21 წლის გოგო გონიოში, სექსინდუსტრიაში რჩება

13.02.2018 • 4347
ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი – 21 წლის გოგო გონიოში, სექსინდუსტრიაში რჩება

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი 21 წლის გოგოა – ნინა [ სახელი შეცვლილია]  ის გონიოში გასული წლის ზაფხულში ჩამოვიდა. ტრეფიკინგში ბრალდებული კი, 42 წლის ქალია – მუმთოზა უ. ის საქართველოდან მას შემდეგ წავიდა, როცა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და ბრალი წაუყენა. მსხვერპლის სტატუსის მქონე გოგო ისევ სექსინდუსტრიაში მუშაობს.

საქმის მასალების მიხედვით, ნინა საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის თავიდანვე სექსმუშაკობისთვის ჩამოვიდა გონიოში და დახმარება მუმთოზა უ-ს სთხოვა. დაზარალებულს ბრალდებულმა პასპორტი წაართვა და სექსმუშაკობისთვის ანაზღაურებას ბრალდებული იღებდა. დაზარალებულმა პოლიციას ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში მიმართა.

„დაზარალებული ამბობს, რომ მას ბრალდებული ბანკში მუშაობას და 800 დოლარ ხელფასს დაჰპირდა, რაც აბსურდია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას თავად დაუკავშირდა ნინა და საქართველოში ჩაყვანა სთხოვა,“ – გვიყვება ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე. – „აქ საუბარია ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც ბრალდებულმა გადაიხადა გოგოს მგზავრობისთვის. ასევე წითელ ხიდზე მდებარე საბაჟოს გადმოსაკვეთად. მოგეხსენებათ, რომ საბაჟოებზე ხშირად პრობლემაა და არ უშვებენ მათ საერთოდ. გარდა ამისა, აქ ჩამოსვლამდე ნინა რუსეთში იმყოფებოდა და აქ როცა ჩამოვიდა, ფეხმძიმე იყო. ბრალდებულმა გადაიხადა თანხა მის მოვლაში, ბინის ქირა. გონიოში სადმე რომ იმუშაო, უნდა გადაუხადო რომელიმე კლუბის მეპატრონეს წინასწარ 500 დოლარი. ესეც ბრალდებულმა გადაიხადა. ალბათ, ბრალდებული მოგებასაც ითხოვდა. ის ბოლო 10 წელია გონიოში მუშაობს. ბრალდებული მხოლოდ იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც 21 წლის გოგოს ჩამოსაყვანად დახარჯა“.

ტრეფიკინგის შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს. სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება გონიოში მდებარე სასტუმრო „დენიზის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც თქვა, რომ მუმთოზა ტრეფიკინგის მსხვერპლს – ნინას სექსმუშაკობას აიძულებდა და ანაზღაურებას თვითონ იღებდა.

საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებაც. მას შემდეგ, რაც 21 წლის გოგომ პოლიციას მიმართა, მას ფარული ვიდეოკამერა მიამაგრეს და მუმთოზასთან სალაპარაკოდ გაუშვეს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერში ისმის 500 დოლარის შესახებ, რაც გადასახდელი დარჩა ტრეფიკინგის მსხვერპლს.

ამ ჩანაწერის შემდეგ, გამოძიებამ თურქი ეროვნების რამდენიმე მამაკაცთან ბრალდებულის ამოცნობის პროცედურაც ჩაატარა. ამოცნობის დროს მოწმეებმა თქვეს, რომ მათ ფული მუმთოზას გადაუხადეს, ერთი ღამისთვის 100 ამერიკული დოლარი, სექსუალური კონტაქტი კი ნინასთან ჰქონდათ.

ამოცნობის შემდეგ მუმთოზას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მუმთოზამ ადვოკატი აიყვანა, უთხრა, რომ ბრალს არ აღიარებს და ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა. ტრეფიკინგში, ანუ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულს საზღვრის გადაკვეთის დროს პრობლემა არ შექმნია.

სად არის ამჟამად ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგო – ჰკითხა „ბათუმელებმა“ პროკურორს, ვლადიმერ თურმანიძეს. მისი თქმით, მსხვერპლი დაზარალებულთა თავშესაფარში იმყოფება.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლად მიჩნეული გოგო სექსინდუსტრიაში რჩება და გონიოში სექსმუშაკად მუშაობას აგრძელებს.

„ამჟამად ტრეფიკინგის მსხვერპლი თავშესაფარში საერთოდ არ გვყავს,“ – გვითხრეს ბათუმის მსხვერპლთა დაცვის თავშესაფარში.

ბრალდებულიც და დაზარალებულიც უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: