სიახლეები

ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

02.09.2015 • 3599
ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

 

ბათუმში, ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ადგილი, სადაც ადრე ნიკო ფიროსმანის ბიუსტი იდგა, ამჯერად გამწვანებულია. გასულ კვირას აქ გამოიფინა ბანერი, რომელიც ამავე ადგილზე მემორიალის აღმართვას გვაუწყებს. გაიმართა პრეზენტაციაც, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

 

„ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისაგან [1552-1878წ. 25 აგვისტო] აჭარის განთავისუფლების და დედა სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ იდეის ავტორი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძეა.

 

„მემორიალი აღნიშნულ ადგილზე რომ დაიდგმება, ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმაც განაცხადა და ქალაქის საკრებულოს შესაბამისი კომისიაც თანახმაა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ნიაზ ბოლქვაძემ.
მემორიალის იდეის ავტორის თქმით, ბრინჯაოს მონუმენტი 4 მეტრი სიმაღლის იქნება და 121 კვ/მ ფართობი დასჭირდება.

 

მიუხედავად ამისა, „სკვერს არ ვეხებით, არაფერი არ ფუჭდება და არ ზიანდება, ყველაფერი ადგილზე რჩება. მხოლოდ რამდენიმე პატარა ბუჩქი გადაინაცვლებს გვერდზე“, – თქვა ნიაზ ბოლქვაძემ.

 

კითხვაზე _ თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი მემორიალისთვის, რამდენად შეამცირებს ის გამწვანებულ ადგილს ქალაქში და ხომ არ იქნება საჭირო ხეების მოჭრა? – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე გვპასუხობს: „ერთი და იგივე სატკივარი გვაქვს ჩვენ. თავდაპირველად შევთავაზეთ გმირთა ხეივანი [იუსტიციის სახლის მიმდებარედ – ავტ.]. მერიასაც ეს წინადადება მივაწოდეთ და „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირსაც“. თუმცა, ამის შემდეგ, ძალიან მოკლე ვადაში ისევ მოგვმართა „მამულიშვილთა კავშირმა“ _ ჩათვალეს, რომ ეს იყო მათთვის არც თუ ისე მისაღები წინადადება და შემოგვთავაზეს ორი ადგილი, ერთი – მერიის მიმდებარედ, „ვარდების სკვერს“ რომ ეძახიან და მეორე – ეს ადგილი, ეკლესიის გვერდით. კომისიამ იმსჯელა და უფრო უპრიანად ჩავთვალეთ ეკლესიის გვერდით. დავათვალიერეთ, რომ ისე ჩაიდგას მემორიალი, ხეების მოჭრა არ გახდეს საჭირო. შესაძლოა ცოტათი მწვანე საფარს შეეხოს, მაგრამ თუ პროექტი შეიცვლება, ვთქვათ, შემცირდება ზომებში, შესაძლოა ესეც ავიცილოთ თავიდან. თუმცა, იქ ხეებს მოჭრა არ ემუქრება“.

 

ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ეს ადგილი მოიწონეს არქიტექტორებმა – ყველაზე საუკეთესო ადგილიაო. ქალაქში ბევრია ასეთი ადგილი, მაგრამ ეს სიმბოლურიცაა – ძველ ბათუმშია, საკათედროსთან ახლოსაა, ასევე გიმნაზიასთან, ხალხმრავალ ადგილზეა…“.

 

კითხვაზე – თუ რატომ არ შეირჩა მემორიალისთვის საკათედრო ტაძართან და გიმნაზიასთან, ასევე #1 სკოლასთან და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ახლოს [ყოფილი პირველი საავადმყოფოსა და მის მიმდებარედ] არსებული ტერიტორია, რომელიც მერიისგან მოწოდებული დოკუმენტებით სარეკრეაციო ზონაშია და რომელიც დღეს განაშენიანებული არ არის _ ნიაზ ბოლქვაძე გვპასუხობს: „ეს ერთი მემორიალი აქ დაიდგმება… იქ სხვა ძეგლები დაიდგმება, ალბათ“.
„მემორიალისთვის ეკლესიის გვერდით შერჩეული ადგილი, ვფიქრობ, არ შეიცვლება… ჩვენ ახლა იმის მოლოდინში ვართ, რომ ქალაქის მერი შემოიტანს წინადადებას მემორიალის დადგმაზე, უკვე განკარგულების პროექტის სახით, რომელსაც განიხილავს საკრებულო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო ბერაძემ.

 

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, მემორიალის დადგმაზე თანახმაა მეუფე დიმიტრი: „სასულიერო პირებიც მოვიდნენ და ეს ადგილი ამ მემორიალისთვის დაილოცა“. ნინო ბერაძის თქმით კი, „როგორც ვიცი, არავინ, არც ეპარქიის, საპატრიარქოს წარმომადგენლები არ არიან მემორიალის აღნიშნულ ადგილზე დადგმის წინააღმდეგი“.

 

„ბათუმელებმა“ კითხვაზე – თუ რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე საქმიანობისთვის ეპარქიის თანხმობის მიღება, კონკრეტული პასუხი მემორიალის იდეის ავტორისგან ვერ მიიღო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის გვერდით არსებულ სკვერში არათუ აღნიშნული მემორიალის ჩადგმა, არამედ, მთლიანად ამ სკვერის ტაძრის ეზოში მოქცევაა დაგეგმილი.

 

„საუბარი იყო ეკლესიის ეზოს გაფართოებაზე, რომ ეს სკვერი ეკლესიის ეზოში მოექცეს და ეპარქიის წარმომადგენლები არათუ ეწინააღმდეგებიან მემორიალის ჩადგმას, არამედ, პირიქით, ისინი მიესალმებიან, გაფართოების შემთხვევაში ეს მონუმენტიც ტაძრის ფარგლებში თუ მოექცევა… არის მოსაზრება ასევე, რომ იქვე მოეწყოს პანთეონი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საკრებულოში.

 

საკითხის დაზუსტების მიზნით „ბათუმელები“ კომენტარისთვის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. „ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო შემოთავაზება ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის [ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან] შემოერთებაზე, სადაც გაკეთდებოდა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

 

როგორც მოგეხსენებათ, საკათედრო ტაძრის ეზოშია დასაფლავებული ორი დიდი პოეტი – ფრიდონ ხალვაში და ზურაბ გორგილაძე. ახალი ხელისუფლების დროს განახლდა ეს თემა, თუმცა ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან ტერიტორიის ტაძრის ეზოსთვის შემოერთება არც მანამდე და არც ახლა არ განხილულა.“ – გვიპასუხეს ეპარქიის პრესსამსახურში.

 

გამწვანებულ ზოლში მემორიალის ჩადგმასთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ კომენტარი ქალაქის მერმა არ გააკეთა.
ბათუმის მერიისგან, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი ვერც იმაზე მივიღეთ, თუ რამდენი სკვერია ქალაქში. სანაცვლოდ, მერიამ „ბათუმის კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ ელექტრონული ვერსია მოგვაწოდა, რომელზეც საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებია დატანილი. მერიის ინფორმაციით, ბათუმში ამჟამად მხოლოდ ერთი სკვერი ეწყობა – ლერმონტოვის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარედ [4 ჰექტარ ფართობზე].
იმის დასადგენად, თუ რამდენი სკვერია ბათუმში, მერიის შემდეგ „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართა. მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმში, ოფიციალურად 3 ხეივანი და 8 სკვერია [აქედან ერთს ამაჟამად აწყობენ], რომელთაც ხეივნისა თუ სკვერის სტატუსი ქალაქ ბათუმის საკრებულომ ოფიციალურად მიანიჭა. ქალაქში არსებულ დანარჩენ სკვერებსა თუ გამწვანებულ ადგილებს [ბულვარისა და 6 მაისის პარკის გამოკლებით] კი ასეთი სტატუსი, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, არ აქვს [მათ შორის არც ე.წ. „ვარდების სკვერს“ და არც ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერს].

 

ბათუმში არსებული გამწვანების [სარეკრეაციო] ზონების ადგილზე კი, შესაძლებელია მაღლივი კორპუსები აშენდეს, ამასთან, სრულიად კანონიერად, ვინაიდან სარეკრეაციო ზოლში ყოფნა ვერ იცავს გამწვანებას, თუ მუნიციპალიტეტმა მისი გასხვისება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერისძის ქუჩების კვეთაში არსებული გამწვანებული ზოლის გასხვისება იყო, სადაც მწვანე საფარის, მრავალწლოვანი ხეების ხარჯზე მაღალსართულიანი სახლი აშენდება [ეს ნაკვეთი ბათუმის საკრებულომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელმაც პირობებით კერძო კომპანიაზე გაასხვისა].

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის დროზე, „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს: „რაც შეეხება სკვერის საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კომპეტენციაში არ შედის სკვერის სტატუსის მინიჭების ან მისი გაუქმების საკითხი. მუნიციპალიტეტებს სკვერები, პარკები, მოედნები და ა.შ. საკუთრებაში აქვს, როგორც ძირითადი გაუსხვისებელი ქონება, რომლის გადაცემა არ ხორციელდება არც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და არც სახელმწიფოზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოსცა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული სკვერის სტატუსი. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

 

„როცა ბათუმში ჩამოვდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის მწვანე ქალაქი, თუმცა, როგორც მითხრეს, არც ბათუმშია ევროპული სტანდარტები, ანუ ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება. ბათუმში, როგორც მითხრეს, არის 5-6 კვ/მ, რაც არ არის კარგი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ „პარტიზანმა მებაღემ“, ნატა ფერაძემ.
ბათუმში მწვანე საფარი დამატებით მინიმუმ 200 ჰექტარზე მაინცაა მოსაწყობი, ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ [ქალაქში სკვერებსა და გაზონებს 80 ჰა-მდე ფართობი თუ უკავია – ბულვარის, 6 მაისის პარკისა და გაზონების ჩათვლით, რაც 4,4 კვ/მ-ია ერთ სულ მოსახლეზე].

 

ბათუმში არსებული ხეივნები და სკვერები:

 

შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანი [ტბელ აბუსერისძის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე მონაკვეთი];
გმირთა ხეივანი [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე საავტომობილო გზებს შორის არსებულ მონაკვეთს ხეივნის სტატუსი 2010 წლის ივნისში განესაზღვრა და მას შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელი მიენიჭა. საკრებულოს 2013 წლის განკარგულებით კი ამ ხეივნის ნაწილს [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე მონაკვეთი] გმირთა ხეივანი ეწოდა, აქვე დაიდგმება ჟიული შარტავას ძეგლი];

 

რეზო ბოლქვაძის ხეივანი [„6 მაისის პარკში“ ერთ-ერთ ცენტრალურ ხეივანს რეზო ბოლქვაძის სახელი 2012 წლის ივლისში მიენიჭა];

 

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სკვერი [ს. მესხისა და შ. დადიანის ქუჩების შეერთების მიმდებარედ, სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის ივლისში];

 

გმირთა სკვერი [დრამატული თეატრის მიმდებარედ, სადაც დაღუპული იუნკერების საძმო საფლავია და სადაც ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით ჯვარია აღმართული. სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის დეკემბერში];

 

ამაღლების სახელობის სკვერი [ინასარიძის ქუჩა 10-სა და 14-ს შორის მდებარე სარეკრეაციო [გამწვანებულ] ტერიტორიას ამაღლების სახელობის სკვერის სტატუსი ბათუმის საკრებულომ 2013 წლის 30 აპრილს მიანიჭა, ბათუმის მერიამ კი სკვერში, იმ ადგილზე, სადაც ადრე ქართველი მფრინავის ფადიმე გოგიტიძის ბიუსტი იყო, ქვის ჯვარი აღმართა. ბიუსტი აეროპორტის მიმდებარედ გადაიტანეს];

 

მემედ აბაშიძის სკვერი [ეს სახელი კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სარეკრეაციო [გამწვანებულ] ტერიტორიას 2013 წლის მაისში მიენიჭა, აქვე დგას მემედ აბაშიძის ძეგლი];

 

ფიროსმანის სკვერი [ეს სკვერი ფიროსმანის ქუჩაზე, სამხატვრო სკოლის მიმდებარედ, 2013 წელს დაარსდა, აქვე გადატანილი იქნა ფიროსმანის ბიუსტიც იმ ადგილიდან, სადაც ამჟამად მემორიალის ჩადგმას აპირებენ];

 

ლონდონის სკვერი [სკვერის სტატუსი რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას 2013 წლის დეკემბერში მიენიჭა. ამ ტერიტორიიდან აღებული იქნა შოთა რუსთაველის ბიუსტი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია [რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთა], ყოფილმა ხელისუფლებამ ინვესტორს მრავალსართულიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსის აშენების მიზნით გადასცა. პროექტი არ განხორციელდა];

 

ნუგზარ ჯაფარიძის სკვერი [გორგასალისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერს 2014 წლის მაისში მიენიჭა სკვერის სტატუსი და ეწოდა „ნუგზარ ჯაფარიძის“ სკვერი];

 

შინდისის გმირების სახელობის სკვერი [მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. სკვერის სტატუსი ლერმონტოვის, ბაგრატიონის, სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის მდებარე სარეკრეაციო ზოლს 2015 წლის თებერვალში მიენიჭა და შინდისის გმირების სახელობის სკვერი ეწოდა].

გადაბეჭდვის წესი