მთავარი,სიახლეები,სპორტი

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

13.02.2018 • 10567
20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს.

„მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს ისეთი კონსტრუქცია და იმ ფორმით, რომ მასში საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყოს შესაძლებელი. ოლიმპიადის შემდეგ, გაგრძელდება მშენებლობა და დასრულებულ სახეს მიიღებს 2020 წლის ბოლოს. რაც შეეხება თანხას, კომპანიას საწყის ეტაპზე გადავუხდით საბოლოო ღირებულების 20%-ს, ხოლო დანარჩენ თანხას დავფარავთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა  სულხან ხალვაშმა, შპს „სტადიონის“ დირექტორმა.

კანადური კომპანია Westincor Limited-ი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის წესით შეარჩია. კომპანია ყინულის არენასა და საცურაო აუზს დააპროექტებს და ააშენებს კიდეც. საბოლოო პროექტი 4 თვეში უნდა იყოს მზად.

ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, მდებარე მიწის ნაკვეთებზე [ფართობი: 17 410 კვ/მ და 7 153 კვ/მ] დახურული სპორტული კომპლექსი – ყინულის არენა [ტრიბუნებით 1500 ადგილზე] და საცურაო აუზი [ტრიბუნებით 1000 ადგილზე] უნდა აშენდეს. ტერიტორია, სადაც ამჟამად ყინულის სასახლეა განთავსებული, ბათუმის მერიის საკუთრებაა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის ტერიტორია გადაეცემა თუ არა აჭარას. გადაწყვეტილი ჯერ არც ის არის, ვინ მართავს ახალ კომპლექსს – მერიის თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რომელიმე უწყება.

არსებულ ყინულის სასახლეს [გასაბერი კონსტრუქცია] ახალი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაშლიან, მოციგურავეებს ვარჯიშში ხელი რომ არ შეეშალოთ.

ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [არსებული ყინულის სასახლის უკან] კიდევ ერთი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა სრულდება. სასახლეში ორი დარბაზია განთავსებული. ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით შენდება და იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.

აღნიშნული სპორტის სასახლის მშენებლობა ძირითადად საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით დაიწყო, თუმცა ოლიმპიადის ჩატარებისთვის ფიდეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს [ფართობის მხრივ]. ამიტომ, ოლიმპიადის ჩატარება იმ ახალ სპორტკომპლექსშიც იგეგმებოდა, რომელსაც ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, აჭარის მთავრობა აშენებს. თუმცა, ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე დავების გამო, ოლიმპიადისთვის ამ კომპლექსის დასრულება ვეღარ მოესწრება [კომპლექსისთვის აჭარის მთავრობას 66,5 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. საბოლოოდ ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასთან 61,9 მილიონ ლარზე გაფორმდა].

„ამიტომ გახდა აუცილებელი ყინულის ახალი არენის მშენებლობა, რომელიც სექტემბერში ოლიმპიადას მოემსახურება,“ – გვითხრეს „სტადიონში“. საბოლოოდ კი ახალი სპორტის სასახლე, ყინულის არენა და საცურაო აუზი ერთ კომპლექსად გაერთიანდება.

„პროექტის ფარგლებში მოსაწყობი ყინულის არენის სივრცე და იქვე მშენებარე სპორტის სასახლე ერთობლიობაში იძლევა იმის საშუალებას, რომ დაკმაყოფილებული იქნას 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნა 5000 კვ/მ ფართობის არსებობის თაობაზე. კანადური კომპანია ვალდებულია საპროექტო სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 კალენდარულ თვეში, მიწის ნაკვეთზე მოახდინოს არსებული ნაგებობების დემონტაჟი [გარდა ყინულის სასახლისა და სატრანსფორმატორო შენობისა] და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის [რომელსაც აქვს ყინულის არენად გადაკეთების შესაძლებლობა] სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს არაუგვიანეს 2018 წლის პირველი სექტემბრისა“, – აცხადებენ შპს „სტადიონში“.

ანუ, სექტემბრამდე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გადაკეთდება ყინულის არენად. დღეს არსებული ყინულის სასახლე კი დაიშლება. პარალელურად აშენდება საცურაო აუზიც.

კანადურ კომპანიასა და შპს „სტადიონს“ შორის ხელშეკრულების დადების საკითხი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დღეს, 13 თებერვალს უნდა განიხილოს.

ბათუმის ყინულის სასახლე / ფოტო: სპორტული ცენტრის ფეისბუქ გვერდიდან

ყინულის არენა ბათუმში / მაკეტი

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/114969/

https://www.facebook.com/batumelebi/videos/758885887644474/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: