ქობულეთის მერიაში შესაძლოა შტატები შემცირდეს

ქობულეთის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ გამოჩნდება არის თუ არა მერიაში შტატები შესამცირებელი. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, პირველ ეტაპზე მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი, ხოლო ამის შემდეგ არის გაწერილი „რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი შტატის შემცირება იგეგმება რეორგანიზაციის შემდეგ? – ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ამბობს, რომ  რეორგანიზაცია მაინც და მაინც შტატების გაუქმებას არ გულისხმობს. თუმცა დასძენს, რომ რეორგანიზაციის პროცესში გაირკვევა, გაუქმდება თუ არა რომელიმე სამსახური.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი სამსახური სხვა სახით ჩამოყალიბდეს ან რამდენიმე სამსახური გაერთიანდეს. შესაძლებელია, შესწავლის შემდეგ აღმოჩნდეს ისეთი სამსახური, რომლის არსებობა მუნიციპალიტეტის მერიაში გამართლებული არ არის,“ – ამბობს ის.

რეორგანიზაციის ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა 14 თებერვლამდე გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com