ინვესტორი ქობულეთის მერიისგან პარკის ნაწილს ითხოვს – საპროტესტო აქცია

ამ წუთებში ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედ, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ათასი კვ.მეტრი პარკის ნაწილი თვითნებურად შემოღობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, როგორც ინვესტორი, ასევე ხელისუფლება ადგილობრივების უფლებებს არღვევს.

თვითნებურად შემოღობილი მიწის გვერდით, კომპანიას პარკის ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მიჰყიდა. ტერიტორიაზე მშენებლობა არ დაწყებულა.

ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა მიწის საფასური, დაახლოებით ერთი მილიონ 648 ათასი ლარი, ორ წელში უნდა გადაიხადოს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ამ ტერიტორიის გასხვისება პრობლემურია, რადგან აქ მცხოვრებლებს ზღვაზე გასასვლელს უკეტავს.“

„ამას ისიც დაემატა, რომ კომპანიამ დარჩენილი პარკის ნაწილიც შემოიღობა. ზღვისპირა ქალაქი პარკით და ბულვარით ფასობს, ჩვენ კი აღარც პარკი გვრჩება და აღარც ზღვაზე გადასასვლელი. გამოდის, მხოლოდ იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, ვინც სასტუმროში უნდა დაისვენოს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენთან ჩამოსულმა დამსვენებელმა 300 კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ ზღვაში ჩავიდეს?

ხელისუფლება ჩვენს უფლებებს არღვევს. წარმოუდგენელია, ყველაფერი შემოღობო და აქ მცხოვრებ ადამიანებს პარკში ყოფნის უფლება არ მისცე“, – გვეუბნება ქობულეთის მცხოვრები, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მერაბ ბასილიძე.

ინვესტორმა თვითნებურად შემოღობა პარკის ნაწილი,თუ ხელისუფლებამ გაყიდა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს. მერის თქმით, მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი.

„ინვესტორმა შემოღობა ის ნაწილი, რაზეც მას აქვს ნაბართვა გაცემული და რაზეც იწყებს მშენებლობას. უბრალოდ, ღობის ნაწილი გავლებულია იქედან გამომდინარე, რომ იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული მშენებლობის დროს,“ – ამბობს ის.

ხომ არ აპირებს ქობულეთის მერია  პარკის დარჩენილი  ნაწილის ინვესტორზე გადაცემას, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მერიას მიმართა ინვესტორმა ინიციატივით და საკითხი განხილვის რეჟიმშია.

„მე ვარ გარანტი იმის, რომ ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საინვესტიციო განვითარებასთან დაკავშირებით, გადაწყდეს კანონის დაცვით. ვცდილობთ, რომ  მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეს აქცია არის არა მოსახლეობის, არამედ პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული პროცესი, რომ წინ აღუდგეს განვითარებას,“ – ამბობს მერი.

მირიან ქათამაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა ხელს არ შეუშლის მოსახლეობის და დამსვენებლების პარკში დასვენებას ან ზღვაზე გადასვლას.

 

ქობულეთის პარკის საკადასტრო რუკა.
პარკი, რომელიც ინვესტორს მშენებლობისთვის გადაეცა.

აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთია იმ 21 ობიექტიდან, რომელიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ამ ქონების ნაწილი, მათ შორის ეს ტერიტორიაც ქობულეთში, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ „კრისტალ ბილდინგზე“ გაასხვისა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com