„პოლიციელებს საშუალებას არ აძლევენ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შვებულებით. ასევე ირღვევა მათი სამუშაო დრო და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მათ არც „სმენებს“ შორის ეძლევათ დასვენების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ხალვაშმა, ბრიფინგზე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული ადამიანები, ვინც ვერ სარგებლობს შვებულებით ან არანორმირებული გრაფიკით მუშაობენ, გია ხალვაში ამბობს, რომ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ეს შესაძლებელია მათი სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდეს.
„მე თითქმის ყოველდღე მხვდებიან კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ამ პრობლემაზე მიყვებიან. ვფიქრობთ, დაღლილი და უძინარი პოლიციელი ვერ დაიცავს მოქალაქეებს, რადგან მათი უფლებები დაუცველია,“ – ამბობს გია ხალვაში.
მისი თქმით, პოლიციელები ამ თემაზე ხმამაღლა სამსახურის დაკარგვის გამო ვერ საუბრობენ. „გადაღლა შრომისუნარიანობაზე მოქმედებს და, ბუნებრივია, გვექნება პრეტენზიები, რომ პოლიციელმა უფლებამოსილებას გადააჭარბა ან არასწორად მოიქცა და ა.შ. ნორმირებული სამუშაო დრო არის კვირაში 40 საათი, ანუ ხუთი დღე, გამოსასვლელი დღე ისედაც არ არის პოლიციაში და ესეც უკვე ითვლება არანორმირებულად“, – ამბობს ხალვაში.
მისი თქმით, არანორმირებული სამუშაო გრაფიკით პოლიციელები მხოლოდ ბათუმში მუშაობენ და თბილისში ან სხვა რეგიონებში მსგავსი სიტუაცია არ არის:
„პოლიციის შესახებ კანონის 52-ე და 53-ე მუხლები ითვალისწინებს პოლიციის შვებულებას და სამუშაო დროს, თუმცა კანონი უხეშად ირღვევა. 24-საათიანი მუშაობის შემდეგ პოლიციელები ორი დღე ისვენებენ, მაგრამ ერთი დღე, ფაქტობრივად, მათ სრულიად გამოუყენებელი აქვთ, არ რჩებათ დრო ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ურთიერთობისთვის“.
გია ხალვაში ამბობს, რომ ენმ-მ უმაღლეს საბჭოში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პოლიციელის შვებულებით სარგებლობას და სავალდებულო დასვენების უზრუნველყოფას, თუმცა ეს კანონპროექტი უმრავლესობამ ჩააგდო.
პოლიცია ცენტრალურ მმართველობას დაქვემდებარებული ორგანოა და, შესაბამისად, კანონში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.
გია ხალვაში საპატრულო პოლიციიდან 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს.